среда, 16 мая 2012 г.

დედოფლისწყაროს ყველა სოფელში საცირკო წარმოდგენები დასრულდა

EXCLUSIVE - ბათუმელმა მსახიობებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ორკვირიანი ტურნე ქალაქ დედოფლისწყაროს კულტურის სახლში დასკვნითი საცირკო წარმოდგენით დაასრულეს. დარბაზში სრული ანშლაგი იყო.

როგორც შოუ-ბიზნესცენტრ „სატირონის“ მსახიობთა ჯგუფ „თბილისური ღიმილის“ ხელმძღვანელმა მაია მეტრეველმა „ქიზიყს“ განუცხადა, ბოლო ორი კვირის მანძილზე მათ სახალისო წარმოდგენები დედოფლისწყაროს თითქმის ყველა სოფლის საჯარო სკოლაში ჩაატარეს.

როგორც მსახიობებმა განმარტეს, ყველა წარმოდგენის დროს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ობოლი ბავშვებისთვის წარმოდგენაზე დასწრება ყველა სოფელში უფასო იყო. ასევე, უფასოდ დასწრების საშუალება მიეცათ მათ მშობლებსა და პედაგოგებსაც.

მაყურებელმა საოცარი ცეცხლოვანი შოუ იხილა, რამაც დარბაზში განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია. ბექა ბურდულისა და ელდარ ბუცხრიკიძის მიერ შესრულებულმა „იოგამ“, მაყურებელი შოკში ჩააგდო. მოგვიანებით ეს მსახიობები ლურსმნებსა და დანებზეც დაწვნენ, ზემოდან კი დარბაზიდან გამოძახებული ბიჭუნა გაატარეს.

მრავლად იყო სხვადასხვა იუმორისტული ნომრები, შეჯიბრებები, მხიარული თამაშები, ჯამბაზები, სიმღერები, რომლებშიც ძირითადად დარბაზში დამსწრე მოზარდები იღებდნენ მონაწილეობას. ეს კი წარმოდგენას უფრო სახალისოს ხდიდა.

წარმოდგენის დასკვნით ნაწილში წამახალისებელი გათამაშება გაიმართა. პრიზები კი ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებზე დატანილი ნომრების მიხედვით, შემთხვევითობის პრინციპით განაწილდა. საბოლოო ჯამში, 30-ზე მეტი პრიზი გათამაშდა. მაყურებელს გადაეცა ბურთები, უალკოჰოლო, გამაგრილებელი სასმელი და ბალი-ბარათები.

მსახიობები დედოფლისწყაროელი მაყურებლის აქტიურობით კმაყოფილებას გამოხატავდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მუნიციპალიტეტმა მათ გულთბილი მასპინძლობა გაუწია:

„ათ დღეზე მეტია ჩვენ დედოფლისწყაროში ვიმყოფებით, ქვემო ქედის გარდა ყველა სოფლის სკოლაში გავმართეთ საცირკო წარმოდგენები. ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს დედოფლისწყაროში. არაჩვეულებრივად კარგი გარემო დაგვხვდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დედოფლისწყაროს ხელმძღვანელობას და კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორს ვანო შანშიაშვილს, რომელმაც თბილად მიგვიღო. ამას გარდა, დარბაზის დაქირავებაში მნიშვნელოვანი შეღავათი გაგვიწიეს, რაც ჩვენი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ფინანსურად არცთუ წელში გამართული ცენტრი გვაქვს. თვენახევარზე მეტია წარმოდგენები კახეთის სხვადასხვა რაიონებსა და სოფლებში ტარდება. ქვეყნის მასშტაბით მოვყვებით და ყველგან ვახალისებთ პატარებს. ეს გუნდი უკვე 15 წელია ამ სფეროში მუშაობს და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს. სამომავლოდ ბევრ სიახლეს და ახალ ნომერს ვგეგმავთ. არსებულ პროგრამას განვაახლებთ და ახალი შემადგენლობით დედოფლისწყაროს კვლავაც ვეწვევით, რადგან აქაურობა ძალიან მოგვეწონა,“ - განუცხადა „ქიზიყს“ საღამოს წამყვანმა, ჯგუფის ხელმძღვანელმა მაია მეტრეველმა.

წინასწარი ინფორმაციით, მსახიობები გადახალისებული პროგრამით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე, სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოსთვის ეწვევიან. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий