четверг, 24 мая 2012 г.

რეპორტაჟი დედოფლისწყაროს ავტოსადგურიდან - ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს

დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე, სადაც კერძო სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაა, მხოლოდ 2 ავტომანქანა დგას. ჩვეულებრივ რეჟიმში ამ ადგილას ათზე მეტი ტაქსი იცდის და მუდმივი ხალხმრავლობაა. მძღოლები ამბობენ, რომ თუ მსურველი იქნება, თბილისის მიმართულებით წავლენ. მათი თქმით, შედარებით მცირე ოდენობით, თუმცა დედაქალაქში რამდენიმე ტაქსი დღის განმავლობაში უკვე გავიდა.

24 მაისს, დღის 15:00 საათისთვის დედოფლისწყაროს ავტოსადგურის კარი ბოქლომით დაკეტილი იყო, ჩვენი იქ მისვლისას გაჩერებაზე არცერთი მიკროავტობუსი არ იდგა. მხოლოდ წნორი-დედოფლისწყარო და სამთაწყარო-დედოფლისწყაროს შიდა მარშრუტები შევნიშნეთ. სხვა შემთხვევებში ავტოსადგური 17:00 საათამდე მუშაობს და შპს „ტრანსპორტელის“ მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით დედოფლისწყაროდან თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები ყოველდღიურად ერთ საათიანი ინტერვალით მოძრაობს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოსადგურის სალარო განსაზღვრულ დროზე ადრე უკვე დაკეტილი იყო, გაჩერებაზე მიკროავტობუსი ჩამოდგა, რომელსაც ჰქონდა აბრა „თბილისი“. 14 ადგილიან ავტომანქანაში მხოლოდ სამი მგზავრი მოთავსდა.

იქვე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ დღეს მგზავრთა ნაკლებობა შეინიშნება, მათი თქმით, თბილისის მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე რეისი გავიდა.

„დილიდან ტაქსები და "მარშუტკები" არ გადიოდნენ, თავიდან აკრძალული იყო, მაგრამ მერე გაუშვეს,“ - აცხადებენ მძღოლები.

შეგახსენებთ, 23 მაისის საღამოს „ქიზიყმა“ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, სადაც დედოფლისწყაროელი მძღოლები ადასტურებდნენ, რომ ადგილობრივმა პოლიციამ მათ 24-დან 28 მაისამდე მგზავრთა თბილისში გადაყვანა აუკრძლა. ვითარება სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ნაწილობრივ შეიცვალა. /ქიზიყი/ ამავე თემაზე: დედოფლისწყაროდან თბილისის მიმართულებით 28 მაისამდე სამარშრუტო ტაქსები არ იმოძრავებს

Комментариев нет:

Отправить комментарий