пятница, 18 мая 2012 г.

ფიროსმანის მოხატული სადაო მარნის კარი მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცემა

EXCLUSIVE - სადაო მარნის კარი, რომელზეც ფიროსმანის წარწერა აღმოჩნდა, ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცემა. ამის შესახებ ხირსის სტეფანე ხირსელის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა ლაზარემ, სოფელ მირზაანში სტუმრობისას, მუზეუმის მმართველს თავად აცნობა. სასულიერო პირი მხატვრის ეზოს მარნის კარის ამჟამინდელ მეპატრონესთან ვანო ქვრივიშვილთან ერთად ეწვია. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის უნებლიე შემსწრე ნეტგაზეთი „ქიზიყი“ ექსკლუზიურად გახდა.

როგორც მამა ლაზარემ აღნიშნა, მისი სულიერი შვილი, კარის მფლობელმა ვანო ქვრივიშვილმა სურვილი გამოთქვა ნიკალას ნამუშევარი მუზეუმს შესწიროს: „ივანე ძალიან კარგი ადამიანია, სულით და გულით ქართველი ქრისტიანი. კეთილი, პატიოსანი ახალგაზრდაა. ასეთი სასიკეათო და საშვილიშვილო გადაწყვეტილება მიიღო,“ - აღნიშნა მამა ლაზარემ.

სოფელ ბოდბეში მცხოვრები ვანო ქვრივიშვილი განმარტავს, რომ ამჟამად სასამართლო პროცესი მიდის, თუმცა როგორც ყველაფერი დასრულდება, მარნის კარს მაშინვე მუზეუმს შესწირავს და შესაბამის დოკუმენტებსაც გააფორმებს.

მუზეუმის ახლადდანიშნულმა მმართველმა ნელი გობეჯიშვილმა მადლობა გადაუხადა მამა ლაზარესა და კარის მეპატრონეს და აღნიშნა, რომ ფიროსმანის მუზეუმისთვის ეს ფასდაუდებელი საჩუქარია. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ მეპატრონემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკალას მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუში მუზეუმს გადაეცემა

„ნიკალას ეზოში გვაქვს მარანი და ვფიქრობ, რომ ამ კარს, ან მის ასლს აქ დავკიდებთ. ძლიან დასაფასებელია, როგორც მამა ლაზარეს ღვაწლი ამ საქმეში, ისე მეპატრონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რადგანაც ამ ნამუშევრის დაბრუნების შემდეგ მირზაანში ტურისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამის ვარაუდის საფუძველს კი ის ფაქტი გვაძლევს, რომ ხსენებული მარნის კარის მიმართ საზოგადოებაში დაინტერესება დიდია. ბედნიერი ვარ, რომ ეს საჩუქარი 18 მაისს მივიღეთ, მაშინ, როდესაც მუზეუმების დღეს აღვნიშნავდით,“ - განუცხადა „ქიზიყს“ ნელი გობეჯიშვილმა.

სოფელ ოზაანში პარმენ ოზაშვილის მარანში მოხატულ კარზე უცნაური წარწერა 2010 წლის ივნისში აღმოაჩინეს, მოგვიანებით ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ წარწერა ნიკო ფიროსმანს ეკუთვნოდა. ბოლო დროს ნამუშევარი 17 000 დოლარად იყიდებოდა.

მარნის კარზე მთვარე და ვარსკვლავებია დახატული და შემორჩენილია სიტყვები: „წითელი ღვინის მარანი, სავსე ვარ ღვინით, თამადა ამაირჩიეთ, ავამსო ლხინით“. წარწერა მწვანე საღებავით არის შესრულებული. მკვლევარების ვარაუდს, რომ წარწერა ფიროსმანის შესრულებული იყო, ისიც ამყარებდა, რომ ოზაანში მხატვრის დისშვილი იყო გათხოვილი. გადმოცემით, ფიროსმანი მას ხშირად სტუმრობდა.

როგორც სოფელ ოზაანის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, ორი წლის წინ, პარმენ ოზაშვილის სახლი ქვრივიშვილებმა 7 000 აშშ დოლარად იყიდეს და შენობა დაანგრიეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий