пятница, 4 мая 2012 г.

ტურას, რომელმაც ქალი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა – სოფელ არბოშიკში კარანტინია

EXCLUSIVE – მტაცებელს, რომელმაც 2 მაისს, გვიან ღამით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 54 წლის ანა ჯინაშვილი დაკბინა, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდგინდა. ინფორმაცია „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ ქევხიშვილმაც დაუდასტურა. მისი თქმით, 4 მაისიდან სოფელ არბოშიკში კარანტინი გამოცხადდა.
„თბილისიდან მიღებული პასუხის თანახმად დადასტურდა, რომ მტაცებელი ცოფის მატარებელი იყო, დედაქალაქიდან უკვე მივიღეთ ვაქცინა და სოფელ არბოშიკში კარანტინი ცხადდება… 4 მაისიდან ამ კერაში იძულებითი ვაქცინაცია განხორციელდება, 2 კილომეტრის რადიუსში სპეციალურ აცრებს ჩავატარებთ,“ – აღნიშნავს ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ ქევხიშვილი.
მტაცებლის ლეში გამოსაკვლევად სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურმა თბილისში მას შემდეგ გადაიტანა, რაც ქალბატონმა ის თავდასხმის დროს ხელით მოგუდა.
როგორც დაზარალებულმა განაცხადა, მას ნაკბენი აქვს ფეხზე, ასევე დაკაწრულია სახის არეშიც. ქალს პირველადი დახმარება სოფლის ექთანმა აღმოუჩინა, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების სამსახურის ავტომანქანით დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ქირურგი გია ბოსტოღანაშვილი აცხადებს, იმის გამო, რომ ნაკაწრები ქალბატონს სახის არეშიც აღენიშნებოდა, მას იმუნოგლობულინის ვაქცინაც გაუკეთდა. პაციენტი ბინაზე უკვე გაეწერა, თუმცა მკურნალობის კურსს განაგრძობს.
სასწრაფო დახმარებამ ქალბატონის საავადმყოფომდე გადაყვანაზე თავდაპირველად უარი უთხრა, თუმცა მედიკოსთა ბრიგადა სოფელში მას შემდეგ გაემგზავრა, როცა მომხდარით ჟურნალისტები დაინტერესდნენ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას კარანტინი გამოცხადდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში. სოფელ ზემო ქედის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადების – ცოფის გამოვლენის გამო ორთვიანი კარანტინი დაწესდა და სოფელი არაკეთილსაიმედო ზონად გამოცხადდა.
საშიშ ინფექციურ დაავადებასთან საბრძოლველად დედოფლისწყაროში 7 კაციანი კომისია შეიქმნა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий