вторник, 1 мая 2012 г.

სოფელ ჭოეთში მცხოვრები ბოშები ეროვნულ ბიბლიოთეკაში სპექტაკლს გამართავენ

EXCLUSIVE – „ტოლერანტობა საქართველოში“ – ასე ჰქვია ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში კუთხეს, სადაც ეროვნული უმცირესობების შესახებ წიგნები გამოიფინა.
ეროვნული უმცირესობების შესახებ სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ლიტერატურა, ღონისძიების – „ბოშები საქართველოში“ ფარგლებში გამოფინეს. დამთვალიერებელს 1 მაისიდან ბოშების პორტრეტების ნახვაც შეუძლია.
ქალაქ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეები და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოეთში ჩასახლებული ბოშები ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მომზადებულ სპექტაკლს, სახელწოდებით „ვარსკვლავბიჭუნა“ წარადგენენ.
„ბოშები საქართველოში“ – ამ სახელწოდების ღონისძიების ფარგლებში 1 მაისს ეროვნული უმცირესობათა საბჭოს მიერ საქართველოში ბოშების უფლებრივი-სტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციასაც მართავს.
„ჩვენ ბიბლიოთეკაში ვხსნით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის განკუთვნილ მუდმივმოქმედ კუთხეს, სადაც ერთის მხრივ წარმოდგენილი იქნება უმცირესობების სიმბოლიკები, მეორე მხრივ წიგნები და განახლებადი მასალა. ეს ყველაფერი ეროვნული ბიბლიოთეკისა და სახალხო დამცველის ფონდის მემორანდუმში იქნება მოქცეული, რომელიც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ხელშეწყობას ითვალისწინებს,“- განმარტავს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
„ეს სპექტაკლი მოვამზადეთ დედოფლისწყაროში, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და სოფელ ლენინოვკის, დღევანდელი ჭოეთის მაცხოვრებელი ბოშების მონაწილეობით. ისინი წარმოადგენენ ოსკარ უაილდის სპექტაკლს „ვარსკვლავბიჭუნას“, რომელიც მოგვითხრობს სიკეთეზე. ამ წარმოდგენის მზადების დროს მთავარი იყო პროცესი და არა შედეგი. მათ ძალიან უხარიათ, რომ სპექტაკლს ერთობლივად აჩვენებენ მაყურებელს. მტავარი ისაა, რომ ისინი როლებს თავად ინაწილებენ და მუშაობის დროს მეგობრდებიან,“ – აცხადებს სპექტაკლის რეჟისორი ლელა ცქიტიშვილი. ის „სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ კოორდინატორია.
როგორც „ქიზიყმა“ შენიშნა, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი „ვარსკვლავბიჭუნა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გასული წლის 26 ნოემბერს „სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებშიც გამართეს. დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლამ თეატრალურ ფესტივალში გამარჯვება მოიპოვა.
შეგახსენებთ, „სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამას“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2007 წლიდან წარმატებით ახორციელებს. პროგრამის მიზანი სხვადასხვა სოციალური ფენისა და წარმომავლობის მოზარდების დამეგობრება და მათი საზოგადოებრივ საქმიანობებში ჩართვაა.
ცნობისთვის: ქალაქ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლა ერთ–ერთი სკოლაა, სადაც ყველაზე მეტი ბოშა მოსწავლე ირიცხება. წერა–კითხვა არც მათმა მშობლებმა იციან, ამდენად, მათი სკოლაში შეყვანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. იმის გამო, რომ ისინი რაიონული ცენტრისგან მკვეთრად მოწყვეტილები არიან და სხვა სოფელში ცხოვრობენ, სკოლაში სიარულს ვერ ახერხებდნენ, თუმცა ბოლო დროს მათ სპეციალური სასკოლო ავტობუსი ემსახურებათ, რომელიც ბოშა ბავშვების ტრანსპორტირებას ყოველდღიურად უზრუნველყოფს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий