пятница, 6 апреля 2012 г.

ძლიერმა ქარმა შირაქში ყანები გაანადგურა – ფოტორეპორტაჟი

ძლიერმა ქარმა დედოფლისწყაროში საშემოდგომო ნათესები დააზიანა. სტიქია 9–10 მარტს, შემდგომ კი 22 მარტს კიდევ ერთხელ განმეორდა. ამოვარდნილმა ქარბუქმა ხორბლის ყანების ნაწილი გაანადგურა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიურო დაზარალებული მოქალაქეების განცხადებების მიღებას აწარმოებს, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადასცემს. ამ დროისთვის რამდენიმე ათეული განაცხადია შესული. შესაბამისად, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი განმარტავს, შექმნილია მობილური ჯგუფი, რომელიც ზარალს აფიქსირებს.

მოსალოდნელია დაზარალებულთა ოდენობა გაიზარდოს, რადგან, ის, რაც შირაქში ვნახეთ, მიწის ბევრ მფლობელს დააღონებს: – ქარისგან ფესვებგამოჩენილი და გამომშრალი ჯეჯილი გადამხმარია, ბზუალასგან კალო–კალო გადაშავებული ადგილები სულ მოტიტვლებულია. ზოგადად, ის ჯეჯილიც კი, რომელიც ადრე შემოდგომაზე დაითესა, კარგი ამონაყარი აქვს და ბორჯი გადგმულია, ქარისგან და სიცივისგან გაუფერულებული და გატუსულია. რაც შეეხება საგაზაფხულო სამუშაოებს, აქა–იქ მოხნულს თუ შევხვდებით. დიდი ფართობი შირაქისა დაუმუშავებელია და გამხმარი ბალახით და ნარით სავსეა. მდგომარეობას ის ართულებს, რომ 5–10 და თუნდაც 15 ჰექტრის პატრონებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, მიხედონ და დაამუშაონ ნაკვეთები, რადგან მცირე ფართობზე მიღებული მოსავლის თვითღირებულება მოგების არავითარ შანსს არ სტოვებს. ისედაც ძვირი და ხვნა–თესვისას უფრო გაძვირებული საწვავი და ძვირადღირებული ტექნიკა ხელმისაწვდომი არ არის მიწის ბევრი მფლობელისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий