вторник, 10 апреля 2012 г.

ფიქრია ჩიხრაძე დედოფლისწყაროსა და საზღვრისპირა სოპფლების მოსახლეობას შეხვდა - ფოტორეპორტაჟი

პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე 7 აპრილს დედოფლისწყაროს რაიონის მოსახლეობას შეხვდა. ოპოზიციის წარმომადგენელმა ქალაქ დედოფლისწყაროსა და სოფლების: არხილოსკალოს, ზემო ქედისა და ქვემო ქედის მაცხოვრებლების პრობლემები ადგილზე მოისმინა.
დედოფლისწყაროსა და ზემოქედში გამართული შეხვედრების დროს ყველაზე მწვავე საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადყოფნის თემა იყო.
მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა ტრაქტორების სიმცირის და საწვავის სიძვირის გამო. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით სახეკმწიფოს მხრიდან გლეხებს გაზაფხულზე ბევრად მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ. „მარტო ტრაქტორზე დაჯდომა და განცხადებების კეთება, რომ გლეხებს ყველაფერში დაეხმარები, საკმარისი არ არის. მათ მართლაც რეალური დახმარება სჭირდებათ. გლეხები უფრო გონივრულად მსჯელობენ თუ როგორ შეიძლებოდა ტრაქტორის და საწვავის პრობლემის მოგვარება, ვიდრე სოფლის მეურნეობის სამინისტრო",- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებში არხილოსკალოსა და ქვემო ქედში შეხვედრების შემდეგ ფიქრია ჩიხრაძემ მედიისთვის განცხადება გააკეთა.: „ყველა იმ თანამდებობის პირის გასაგონად ვამბობ, ვისაც სოფლის მეურნეობის განვითარება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობა ევალება - მიხედეთ სოფელს, დაეხმარეთ ადამიანებს მიწა დაამუშავონ, დათესონ და მოსავალი მიიღონ, თორემ დღეს სოფლად მდგომარეობა ისეთია, რომ მომავალი ზამთრისთვის შეიძლება გლეხები სარჩო-საბადებელის გარეშე დარჩნენ. საწვავის სიძვირე დღეს გლეხებისთვის გადაულახავ პრობლემად იქცა".
როგორც „ახალი მემარჯვენეების“ პრესცენტრში „ქიზიყს“ განუცხადეს, ამიერიდან გააქტიურებას გეგმავს ახლების დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელი სოსო ბეჟანიშვილიც. ისინი აქტიურად ითანამშრომლებენ ადგილობრივ მედიასაშუალებებთან და სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებებსაც გაავრცელებენ.
"ახალი მემარჯვენეები" და მათი ლიდერები საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ცნობისთვის, ხსენებული პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, თავისი სამედიცინო კარიერის დასაწყისში სწორედ დედოფლისწყაროში მიავლინეს. როგორც მის ბიოგრაფიულ ცნობებშია მოცემული გამყრელიძე 1989–1990 წლებში დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს ბავშვთა ნეფროლოგიური სანატორიუმის "არხილოსკალოს" ექიმ–ნეფროლოგად მუშაობდა, ამდენად მისთვის დედოფლისწყარო და განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლები მნიშვნელოვანია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий