понедельник, 16 апреля 2012 г.

ლევან ბაღაშვილის განმარტებით, სამართალდამცველებმა გამგეობის მხოლოდ ერთი თანამშრომელი დააკავეს

დედოფლისწყაროში საჯარო მოხელეების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, სამართალდამცველებს ორი საჯარო მოხელე არ დაუკავებიათ.
ბაღაშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა გამგეობის თანამშრომელი ნოდარ ზუბიაშვილი დააკავეს, დავით ბასილაშვილი კი მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს. ამგვარი კომენტარი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში გააკეთა.
ზუბიაშვილთან ერთად მეორე საჯარო მოხელის, დედოფლისწყაროს გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში მთავარი სპეციალისტის დავით ბასილაშვილის დაკავების თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად „ქიზიყს“ მისმა ნათესავებმა აცნობეს. პირად საუბრებში სამართალდამცველების ნაწილიც აცხადებს, რომ ბასილაშვილიც დაკავებული იყო.
დედოფლისწყაროში ორი საჯარო მოხელის დაკავების თაობაზე ინფორმაცია ადგილობრივმა ოპოზიციამაც საგანგებო განცხადებით გაავრცელა.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, ბასილაშვილი სამართალდამცველებმა მეორე დღესვე გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, გამოძიებას მასთან ნაკლები პრეტენზია ჰქონდა. ის ამჟამად თავისუფალია და კახეთის საინფორმაციო ცენტრთან დაკავების თაობაზე კომენტარი არ გააკეთა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამგეობის ქონებისა და მიწის მართვის განყოფილების თანამშრომლები აზერბაიჯანული ეროვნების მოქალაქისგან ქრთამის აღებას ეცადნენ.
ორივე დაკავებული ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის აქტივისტების ახლო ნათესავები არიან. მათ შორის ბასილაშვილი ნანული ნატროშვილის ძმიშვილია. რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროში ნანული ნატროშვილის საცხოვრებელ სახლში „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა.
შეგახსენებთ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დედოფლისწყაროს გამგეობის ამავე სამსახურის თანამშრომელი ვლადიმერ ხატიაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით ორი წლის წინაც დააკავა. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий