„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის მენეჯერი ლევან მჭედლიშვილი ადგილობრივი ოპოზიციის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, დედოფლისწყაროში წყლის ხარისხს ერთპიროვნულად არავინ აკონტროლებს და პროცესში სპეციალისტებიც არიან ჩართულნი.

„გენადი ჯანაშვილი ჩვენთან ნამდვილად მუშაობს, ის ცენტრალური რეზერვუარის ოპერატორი გახლავთ. თუმცა, ამ შემთხვევაში ოპოციციას ნამდვილად შევეკამათები. როგორც წესი, რეზერვუარში წყლის დაქლორვის პროცესში ჩართული არის ჩვენი ლაბორანტი თამუნა მჭედლიშვილი და ტექნიკური სამსახურის უფროსი ვაჟა მენთეშაშვილი. ანუ, ხარისხის ერთპიროვნული კონტროლი არ ხდება. მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, როგორც რეზერვუარში წყლის ხარისხის კონტროლის პროცესში, ისე სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. მონაცემები მუდმივად იგზავნება როგორც ჩვენს რეგიონალურ, ისე ცენტრალურ ფილიალებში. ამდენად, ვერ გავიზიარებთ გავრცელებული საპროტესტო განცხადების, თითქოს დედოფლისწყაროში სასმელი წყლის ხარისხს არაპროფესიონალები აკონტროლებენ. ეს არ შეესაბამება სიმართლეს და რეალობასთან კავშირი არ აქვს, “ – განუცხადა „ქიზიყს“ ლევან მჭედლიშვილმა.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში მიიჩნევენ, რომ სასმელი წყლის დაქლორვისა და მის უხარისხობასთან დაკავშირებით მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.
როგორც მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“-ს მიერ გავრცელებულ საპროტესტო განცხადებაშია ნათქვამი, მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ რეზერვუარში, ამჟამად სასმელი წყალის დაქლორვას ყოფილი პოლიციელი გენადი ჯანაშვილი ახდენს, რომელსაც შესაბამისი განათლება, გამოცდილება და კომპეტენცია არ გააჩნია. ამ ფონზე, ორგანიზაცია შიშობს, რომ წყალში ქლორის შემცველობის გადამეტება სავალალო შედეგებს მოიტანს. მათი მტკიცებით, ეს ძალზე სპეციფიკური საკითხია და განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
იხილეთ ოპოზიციის განცხადება>>
Комментариев нет:
Отправить комментарий