четверг, 1 марта 2012 г.

ტარიბანა-ქესამანის ტერიტორიაზე ასეულობით ჰექტარი საძოვარი დაიწვა

დედოფლისწყაროში, ტარიბანა-ქესამანის მიმდებარე ტერიტორიაზე საძოვრებს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ლევან გოზალიშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, ხანძრის შედეგად ასეულობით ჰექტარი საძოვარი დაიწვა. მისი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე მეცხოველეობის ფერმების შენობებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე დროულად აღიკვეთა.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, სამაშველო სამსახურს შემთხვევის ადგილიდან აზერბაიჯანელი მწყემსი დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა.
„მითითებულ ადგილზე ერთი სახანძრო ავტომობილი გავიდა, მოგვიანებით ტარიბანაში მეც ჩავედი. შენობები ოდნავ მოშორებით იყო, მაგრამ ცეცხლი ბალახს ეკიდა,“ – აღნიშნავს ლევან გოზალიშვილი.
გოზალიშვცილი უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ხანძრის შედეგად 400 ჰა საძოვარი დაიწვა. მისი თქმით, ცეცხლი საკმაოდ დიდი ტერიტორიას ეკიდა, თუმცა ეს ციფრი გაზვიადებულია: „შესაძლოა 100–200 ჰა მართლაც დაიწვა. ზუსტ ციფრს ვერ დავითვლიდი და ამხელა ოდენობა არც დამისახელებია. დიდი ადგილი დაიწვა, თუმცა არა 400 ჰა. არც ის მითქვამს, ქრობა გაგვიძნელდა–მეთქი,“ – ამბობს გოზალიშვილი.

სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსის მტკიცებით, ხანძრის შედეგად ქარსაფარი ზოლები, ან ხე–მცენარეები არ განადგურებულა და მხოლოდ ხმელი ბალახი დაიწვა. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий