вторник, 21 февраля 2012 г.

ფონდი "ქართუ"–ს პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროში საქმიანი შეხვედრები გამართა

EXCLUSIVE - ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"–ს პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს ეწვია. როგორც ღარიბაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, დედოფლისწყაროში ის სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და ოფისის დაცლასთან დაკავშირებულ პრობლემებს და სხვა საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა.

„ქიზიყის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ღარიბაშვილს თან ახლდა მისი ცოლისძმა, სკანდალურად დაკავებული, კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის, თამაზ თამაზაშვილის ვაჟი, ლექსო თამაზაშვილიც.

ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ დედოფლისწყაროს რაიონში ოფისის გარეშე დარჩა. ოფისის მეპატრონემ, ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა იოსებ უზუნაშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ დადებული ექვსთვიანი ხელშეკრულება ხელმოწერიდან მეორე დღესვე გააუქმა.

„დედოფლისწყაროში ოფისი აუცილებლად გაიხსნება და კოალიცია იმუშავებს. სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვინაობა დედოფლისწყაროში და ყველა დეტალი სწორედ მაშინ გახმაურდება. ამჯერად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ვართ. დედოფლისწყაროში ჩამოვედი და საქმიანი შეხვედრები მქონდა სხვადასხვა ადამიანებთან. სულ მალე დედოფლისწყაროში ჩვენი შტაბი გაიხსნება, “ – ექსკლუზიურად განუცხადა „ქიზიყს“ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქალაქ დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მდებარე იმავე შენობაში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ხელშეკრულება შეუწყვიტეს, „ქიზიყის“ ინფორმაციით, გარკვეულ კომერციულ ფართს ფლობს თამაზ თამაზაშვილი. ერთ–ერთი ვერსიით, ოფისის დაცლის შემდეგ ივანიშვილის მოძრაობა იმავე შენობის პირველ სართულზე თამაზაშვილის სუპერმარკეტის ფართს დაიკავებს. ამ ფაქტს ღარიბაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს. დედოფლისწყაროში ყოფნისას ღარიბაშვილი და თამაზაშვილი სწორედ ამ სუპერმარკეტში დააფიქსირეს.

„რესპუბლიკური პარტიის“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნოდარ ტოკლიკიშვილი ადასტურებს, რომ ორშაბათს, 20 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილს ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა.

სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს ექს–რწმუნებულის, ტარიელ ღარიბაშვილის ვაჟი, ირაკლი ღარიბაშვილი ახლახან დასახელებული „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის ხუთეულში შედის. ის დედოფლისწყაროს რაიონში დაიბადა და გაიზარდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий