დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახური, შპს „სერვისი 2007“–ი მარტის თვიდან დამატებით მუნიციპალიტეტის 5 სოფელს მოემსახურება. წინასწარი ინფორემაციით, სპეციალური გრაფიკის მიხედვით სოფლებში მუშაობა თებერვლიდან იგეგმებოდა, თუმცა, როგორც სამსახურის უფროსი ილია ტალიაშვილი განმარტავს, პროცესის გაჭიანურება ბოლო დროს არსებულმა უამინდობამ გამოიწვია.
„ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები თებერვლიდან უნდა დაგვეწყო, თუმცა დიდთოვლობამ შეგვაფერხა და სოფლებში ამ დრომდე ამიტომ ვერ გავედით. ახლა ყველაფერი მზადყოფნაშია და სოფლებს მარტიდან კვირაში ერთხელ მოვემსახურებით. გადახალისებული ტექნიკა გვაქვს და არანაირი დაბრკოლება არ არსებობს,“ – აღნიშნა ილია ტალიაშვილმა.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, უკვე შედგენილია გრაფიკიც, რომლის მიხედვითაც თითო დღე კვირაში თითო სოფელს დაეთმობა. წინასწარ გაწერილი გეგმის თანახმად, ორშაბათობით მომსახურეობა გაეწევა სოფელ ზემო მაჩხაანს, სამშაბათობით – მირზაანს, ოთხშაბათს – არბოშიკს, ხუთშაბათს – ოზაანს, ხოლო პარასკევს – გამარჯვებას.
სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ მომსახურება ფასიანი იქნება, თუმცა იქვე იმასაც დასძენს, რომ ქალაქ დედოფლისწყაროსთან შედარებით სოფლებში გადასახადი გაცილებით ნაკლები იქნება. მისი თქმით, საწყის ეტაპზე სოფლებში ნაგვის გადასახადი სულზე 30 თეთრს შეადგენს: „სოფლის მაცხოვრებლები 1 სულ მოსახლეზე 30 თეთრს გადაიხდიან. თუ უფრო გაიზარდა ჩვენი მომსახურება, მომავალში ტარიფიც გადაიხედება, თუმცა დასაწყისისთვის ასე იქნება,“ – აღნიშნავს ტალიაშვილი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინა და სოფლის მაცხოვრებლების მოთხოვნაც ხშირად სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას ეხებოდა.
„სოფლებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ნაგვის გატანის საკითხი სოფლებშიც დარეგულირებულიყო. უნდა ვაღიარო, რომ ეს თხოვნა თავდაპირველად სოფელ არბოშიკის მაცხოვრებლებმა წამოაყენეს, შემდეგ ოზაანის, გამარჯვების და დანარჩენი სოფლების მოსახლეობიდანაც წამოვიდა. ძალიან დადებითად შეხვდნენ ამ საკითხს, უფრო მეტიც, ბევრს დაუჯერებლად მოეჩვენა,“ – აცხადებს ლევან ბაღაშვილი.
„საშინელი ვითარება არის, არბოშიკელების უმრავლესობა ნაგავს ყოველდღიურად ხევში ყრის, სხვა გზა არ არის და როგორ მოვიქცეთ. ნაწილი არხში ყრის. ვცხოვრობთ ასე, ნაგავთან ერთად. ძალიან მადლობლები ვიქნებით რაიონის ხელმძღვანელობის, თუ ჩვენს თხოვნას გულთან მიიტანენ და ნაგვის მანქანა მოგვემსახურება, ამაზე უკეთესს სოფლისთვის მართლაც ვერაფერს გააკეთებდნენ. ეს ჩვენი სოფლის ყველა ოჯახს შეეხება და ნამდვილად ამოვისუნთქებთ,“ – აცხადებს სოფელ არბოშიკის მკვიდრი, პენსიონერი სიმონ ალადაშვილი.
„საყოფაცხოვრებო ნაგვის გატანა ძალიან მიჭირს. სოფლის თავში ვცხოვრობ და ნაგვის გადასაყრელად სოფლის ბოლოში მივდივარ–ხოლმე. კილომეტრებს მხოლოდ იმიტომ გავდივარ, რომ ნარჩენები ადგილამდე მივიტანო. ყოველდღე ამის კეთებას ფიზიკურად ვერ ვახერხებ, ამიტომ იძულებული ვარ ერთი კვირის მანძილზე ნარჩენები ტომარაში მოვათავსო, დავაგროვო და ერთიანად წავიღო... ეს მთელი მაჩხაანისთვის დიდი პრობლემაა, დამიჯერეთ, მთელი სოფელი შეწუხებულია ამით. ძალიან გამიხარდა, რომ ამიერიდან სოფლებს კვირაში ერთხელ სპეციალური მანქანა მოემსახურება. ამდენი წელია ეს პრობლემა ვერაფრით მოგვარდა,“ – აღნიშნავს სოფელ ზემო მაჩხაანში მცხოვრები პედაგოგი დოდო ბოსტოღანაშვილი.
„მირზაანში ნაგვის გატანის პრობლემა ყველას აქვს. აქეთ დასუფთავების სამსახურის მანქანები არ დადიან და ყველა ძალიან ვწუხდებით. დღეს ნაგავს ყველა ხევებში ყრის და გარემო ბინძურდება. იძულებული ვართ სადაც ვცხოვრობთ, ყველამ ხევში ჩაყაროს, აბა ქუჩაში ხომ არ დავყრით. ძალიან ვწვალობთ, ავადმყოფი შვილი მყავს და გარეთ ვერც კი გავდივარ. სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი მაქვს. ჩემთვის დიდი შვება იქნება, თუ სამშაბათობით ნაგვის მანქანები ივლიან. ამ შემთხვევაში სოფელი აღარ დანაგვიანდება, აღარც ეპიდემიის გავრცელების საფრთხე და ანტისანიტარია იქნება და მშვიდად ვიქნებით. ეს სიახლე მირზაანში ყველას ძალიან გაუხარდა, დაუჯერებელი და სასიამოვნო ამბავია, მოულოდნელად ველოდებით ჩვენს სოფელში მანქანის გამოჩენას. იმედი გვაქვს, რომ გრაფიკი არ დაირღვევა და ინტენსიურად მოემსახურება გაწამებულ ხალხს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ სოფელ მირზაანის მკვიდრმა ოლღა ლობჯანიძემ.
„სოფელ გამარჯვებაში უმრავლესობა ნაგავს სახლთან ყრის, ზოგს სხვა გამოსავალი რომ აღარ აქვს, ხევში, ან გზაზე ყრის. ზაფხულში კი ასე გადაყრილი ნაგავი სახიფათოა. თუ რაიონის ხელმძღვანელებმა ეს საკითხი უკვე გადაწყვიტეს და ამიერიდან მუდმივად დაგვეხმარებიან ნაგვის გატანაში, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება... დიდი საქმე გაკეთდება. რაც მეტი რამ გაკეთდება სოფლებში, ჩვენ თავს უფრო უკეთესად ვიგრძნობთ,“ – ამბობს სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები დომენტი ფიროსმანაშვილი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий