вторник, 14 февраля 2012 г.

ბოტულიზმის დიაგნოზით სოფელ ქვემო ქედიდან თბილისში გადაყვანილი მამაკაცი გარდაიცვალა

EXCLUSIVE - ბოტულიზმის დიაგნოზით, დედოფლისწყაროდან თბილისში, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადის მიერ გადაყვანილი მამაკაცი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ გარდაიცვალა. 74 წლის მათე გოგოლაურის ცხედარი თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში უკვე გადაასვენეს.

გარდაცვლილის ვაჟის დავით გოგოლაურის განმარტებით, დიდთოვლობისა და ტრანსპორტის არარსებობის გამო ცხედარის გადასვენებაში ოჯახს პრობლემა შეექმნა:

„ფული არ გვქონდა და ცხედარის გადასასვენებლად ტრანსპორტის დაქირავებაც ვერ მოვახერხეთ... სხვა გზა არ იყო, ჩვეულებრივი მანქანით ძლივს გადმოვასვენეთ. ძალიან გაჭირვებული ოჯახი გვაქვს, სოციალურმა სააგენტომ ისეთი მაღალი ქულები მოგვანიჭა ვერც დახმარებას ვიღებთ და ვართ ასე. საერთოდ, მამაჩემს გულის პრობლემები ბოლო დროს სულ ჰქონდა, თუმცა ახლა მოიწამლა და მდგომარეობა ამიტომ გაურთულდა,“ – ამბობს დავით გოგოლაური.

დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან თბილისში მამაკაცი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ 13 თებერვალს გადაიყვანა. ის სახლის პირობებში დამზადებული კიტრის მწნილით მოიწამლა.

„პაციენტს მხედველობის გაორება და ყლაპვის გაძნელება აღენიშნებოდა. მას პირველადი გადაუდებელი დახმარება ადგილზე გავუწიეთ. პაციენტი საშუალო სიმძიმის იყო, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან შემოყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული იყო,“ – ამბობს დედოფლისწყაროს საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი.

შეგახსენებთ, გარდაცვლილი შვილის უგზო–უკვლოდ გაუჩინარებასაც განიცდიდა. მისი უმცროსი ვაჟი 34 წლის ემზარ გოგოლაური გასული წლის 4 მაისს სახლიდან გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა. პოლიციამ მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნო, შსს მის საძიებო სამუშაოებს ამ დრომდე განაგრძობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება: მედიანიუსი ; რადიო ჰერეთი ; ჯეონიუსი ;

Комментариев нет:

Отправить комментарий