среда, 1 февраля 2012 г.

დედოფლისწყაროს მთავარ ვეტერინარად მიხეილ ქევხიშვილი დანიშნეს

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სამმართველოს უფროსის ვაკანტურ ადგილზე მიხეილ ქევხიშვილი დაინიშნა. „ქიზიყის“ ინფორმაციით, ქევხიშვილი მანამდე სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტად მუშაობდა.

დედოფლისწყაროს მთავარი ვეტერინარი დავით ვეშაგურიძე სამსახურიდან რამდენიმე თვის წინ სკანდალურად გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვეშაგურიძის სამსახურიდან გაშვების მიზეზი რაიონში სხვადასხვა დაავადებების მასობრივად გავრცელება გახდა. მან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაცია „ქიზიყს“ დაუდასტურა: „ჭორი რატომ იქნება, უკვე სამსახურში აღარ დავდივარ," - განაცხადა ვეშგურიძემ.

ბოლო პერიოდში დედოფლისწყაროს სოფლებში საქონელი დაიხოცა. ინფექციურ საავადმყოფოში ჯილეხით დაავადებული რამდენიმე ადამიანი მოათავსეს, 42 წლის ქალი კი ბრუცელოზით გარდაიცვალა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვერიკო გულუამ განაცხადა, ვეშაგურიძეს შრომითი ხელშეკრულების ვადა გაუვიდა.
„იანვრიდან ჩვენი სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდა. ამიტომ თანამშრომლებთან მოკლევადიან ხელშეკრულებებს ვაფორმებთ. დავით ვეშაგურიძესაც ხელშეკრულების ვადა ამოეწურა“, - აღნიშნა გულუამ.

შეგახსენებთ, ვეშაგურიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის კადრი იყო. სწორედ მისი რეკომენდაციით ის სამუშაოდ ახმეტიდან დედოფლისწყაროში გადავიდა. ის დედოფლისწყაროს სამმართველოს სამი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий