четверг, 9 февраля 2012 г.

ზემო ქედელი 21 წლის ლევან ნათათრალაშვილი ბატალიონის რიგითის მიერ გასროლილი ტყვიით გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში მცხოვრები, 21 წლის ლევან ნათათრალაშვილი 2007 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა. ზემო აფხაზეთში, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად დედოფლისწყაროდან გაწვეული ჯარისკაცი სავალდებულო სამხედრო სამსახურს კრწანისის სასწავლო ცენტრში იხდიდა. კოდორის ხეობაში ნათათრალაშვილი და მისი ბატალიონის წევრები უბედურ შემთხვევამდე 10 დღით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით გაიწვიეს.
დეტალებზე სასაუბროდ "ქიზიყი" გარდაცვლილის ძმას რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა მან მისი ძმის გარდაცვალების საკითხზე საუბარი არ ისურვა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ლევან ნათათრალაშვილს იმავე ბატალიონის რიგითის მიერ, უსაფრთხოების წესების დარღვევით გასროლილი ტყვია მოხვდა, რომელშიც თავად მსახურობდა: „ერთი წელი იყო, რაც ლევანი ჯარში, თავის ძმასთან, ზურასთან ერთად წავიდა. ძმები სავალდებულო სამხედრო სამსახურს კრწანისის სასწავლო ცენტრში გადიოდნენ. რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, ბატალიონის წევრები, კრწანისის სასწავლო ცენტრიდან ზემო აფხაზეთში მიავლინეს სამშვიდობო მისიის შესასრულებლად. როგორც გვითხრეს, ერთ-ერთ რიგითი ლადო კაბულაშვილი, რომელიც ლევანისთან მეგობრობდა, თავისი საგუშაგოდან დაბრუნების შემდეგ საკონტროლო გასროლას ახდენდა. იარაღის განმუხტვის დროს მას ტყვია გაუვარდა, რომელიც ქვას მოხვდა. ქვამ ტყვია აისხლიტა და იქვე, ახლოს მდგომ ლევანს მოხვდა. ტყვიამ მას ჯერ ხელ-ფეხი დაუზიანა, შემდეგ შიდა ორგანოები და ბოლოს ზურგიც," - ამბობს ნათათრალაშვილების ოჯახის ახლობელი გიორგი ღირსიაშვილი..
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ცნობით, დაჭრილი ჯარისკაცი ზემო აფხაზეთში, სოფელ აჟარის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს, მაგრამ ლევანი საავადმყოფოში მიყვანიდან 3 საათში გარდაიცვალა.
„ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. ტყვიამ ლევანს ხელ-ფეხის გარდა ღვიძლი, სისხლ-ძარღვები და ზურგის ტვინიც დაუზიანა. ნათათრალაშვილის გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. მის ცხედარს ექსპერტიზა ზუგდიდის პროზექტურაში ჩაუტარდა და დასკვნა მზად რამდენიმე დღეში იქნება,“ - განაცხადეს აჟარის საავადმყოფოს ექიმებმა.
უფლებადაცვით ორგანიზაციაში ირწმუნებიან, რომ სამართალდამცავებმა კრწანისის სასწავლო ცენტრის ბატალიონის რიგითი ლადო კაბულაშვილი მკვლელობის დღესვე დააკავეს. მას ბრალი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით წაუყენეს. დანაშაული 2 - დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდაცვლილის მშობლებს და ოჯახის წევრებს ბრალდებულის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ. ისინი მომხდარში თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ადანაშაულებდნენ.
უბედური შემთხვევა ყველგან ხდება, მაგრამ ქართულ ჯარში, რომლის აღმავლობის შესახებაც ხელისუფლება 24 საათი ლაპარაკობს, ასეთი ფაქტები, მით უფრო ასეთი სიხშირით, არ უნდა ხდებოდეს. იარაღი იმ ადამიანებს, ვინც მისი უსაფრთხოდ გამოყენება არ იცის, არ უნდა ანდონ. ვერაფრით ამიხსნია, ლევანმა ერთი ტყვიით ამდენი ჭრილობა როგორ მიიღო ან დაჭრიდან 3 საათზე მეტი თუ იცოცხლა, მისი გადარჩენა რატომ ვერ მოხერხდა. სად იყო იმ დროს რიგითების ზედამხედველი თუ მეთაური, როცა კაბულაშვილი საკონტროლო გასროლას უსაფრთხოების წესების დარღვევით ახდენდა?," - კითხულობს დაღუპულის მამა გიორგი ნათათრალაშვილი.
მომხდართან დაკავშირებით არც თავდაცვის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს. შსს-ს წარმომადგენლებმა მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს და დაკრძალვის ხარჯები დაფარეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ აღუთქვეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და უმკაცრესად დაისჯებიან ის ადამიანები, ვისაც შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების წესების დაცვა და რიგითების ზედამხედველობა ევალებოდა.
მსგავსი დაპირება, ცოტა ხნის წინ, თავდაცვის სამინისტროს უფლისციხის სამხედრო ნაწილში, ასევე გაუფრთხილებლობით მოკლული 19 წლის გიორგი მუმლაძის ოჯახის წევრებმაც მიიღეს, თუმცა, გამოძიებას მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ამავე სამხედრო ნაწილის რიგითის გიორგი ოზბეთელაშვილის მეტი არავინ დაუსჯია.
უფლებათა ცენტრის ცნობით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლით არის დაწყებული გამოძიება, ქართულ ჯარში, ჯარისკაცთა მკვლელობის თითქმის ყველა ფაქტზე. უბედური შემთხვევები, როგორც ამას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უწოდებენ, ბოლო დროს საგრძნობლად გახშირდა. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий