რესპუბლიკელები დედოფლისწყაროს საკრებულოს მანდატის მოპოვებას მექრთამე ყოფილი სამართალდამცველებით ცდილობდნენ
ბიძინა ივანიშვილისგან მილიონიანი დაფინანსების მიღების შემდეგ, პირველი, ვინც დედოფლისწყაროში პარტიის ოფისი გახსნა "რესპუბლიკელები" იყვნენ. როგორც მისი ადგილობრივი ხელმძღვანელები ამბობენ, პარტიის რაიონული ორგანიზაცია ამიერიდან გააქტიურებას გეგმავს. ბოლო ორი წლის მანძილზე ხსენებული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოსახლეობის პრობლემების თაობაზე განცხადება ორჯერაც არ აქვთ გაკეთებული და არც პოლიტიკური აქტივობით გამოირჩეოდნენ.
დედოფლისწყაროელებს დღესაც ახსოვთ, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რესპუბლიკელების სახელით დედოფლისწყაროში მაჟორიტარ კანდიდატებად საეჭვო წარსულის ყოფილი პოლიციელები ჰყავდათ დასახელებული.
იმხანად, ნეტგაზეთი "ქიზიყი" ექსკლუზიურად წერდა, რომ ე.წ. ოპოზიციურ სიაში ჩასმული ყოფილი სამართალდამცველები ქრთამის აღების ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი, რაც სკანდალს უფრო ამწვავებდა.
თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქ დედოფლისწყაროს მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს ყოფილი პოლიციელი გიორგი ნასრაშვილი იყრიდა. ნასრაშვილი შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. ის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
"ქიზიყის" ინფორმაციით, ორწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, საპროცესო გარიგებით, გირაოს სახით მან 10 000 ლარი გადაიხადა და პატიმრობიდან გათავისუფლდა.
სოფელ არბოშიკში მაჟორიტარად წარდგენილი მამუკა კოჭლამაზაშვილის ძმა, თურმან კოჭლამაზაშვილიც ყოფილი პოლიციელი გახლავთ და ისიც ქრთამის აღების ფაქტზე ნასრაშვილთან ერთად დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, კოჭლამაზაშვილსაც 2 წლიანი პატიმრობა და 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
ალიანსის მაჟორიტარი კანდიდატი პოლიციური წარსულის გახლდათ სოფელ ოზაანშიც. იოსებ ოზაშვილი რამდენიმე წლის წინ პოლიციიდან კახეთის მთავარი სამმართველოს მიერ მოვალეობების არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო გათავისუფლდა.
"ქიზიყმა" პარადოქსული ფაქტებიც გამოაქვეყნა. პირობითი სასჯელის პარალელურად მაშინ დედოფლისწყაროს საკრებულოში მოხვედრას და დეპუტატის მანდატის მოპოვებას გეგმავდა ნოღაიდელის მოძრაობის მიერ სოფელ ქვემო ქედის მაჟორიტარად დასახელებული, ასევე ყოფილი პოლიციელი თემურ კურეტიშვილი. მას დედოფლისწყაროს სასამართლომ 4 წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ამოწურული არ იყო.
იმხანად, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შოთა ჯამასპიშვილმა ამ საკითხის ირგვლივ "ქიზიყს" ექსკლუზიური კომენტარი მისცა და ფაქტიც დაადასტურა. გაირკვა, რომ კანდიდატმა ლიდერს დაუმალა, რომ პირობით სასჯელს იხდიდა: ,,აუცილებლად უნდა გავარკვიო და შეფასებებს მერე გავაკეთებ. წინასწარ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. კურატიშვილი დაბარებული მყავს. პირადად აგვიხსნის ყველაფერს და ალბათ, უახლოეს დღეებში ამ საკითხზე პრესკონფერენციას გავმართავთ," - აცხადებდა ჯამასპიშვილი.
ამგვარი კანდიდატების ოპოზიციურ რიგებში გამოჩენამ დედოფლისწყაროელ ამომრჩევლებში დაბნეულობა გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი ოპოზიციური პარტიების ამ გადაწყვეტილებებს უარყოფითად აფასებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან გარიგებაში შედიან. ნაწილი კი ამტკიცებს, რომ რეგიონებში ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებაზე განაწყენებული კადრების შემოკრეფას იწყებენ, თუმცა იმ ფაქტზე რატომღაც თვალს ხუჭავენ, რომ მათი დიდი ნაწილი ქრთამის აღებისთვის არის ნასამართლევი. ეს კი პარტიების ისედაც შელახულ რეპუტაციაზე დამღუპველად მოქმედებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий