среда, 18 января 2012 г.

ინციდენტი სოციალურ სააგენტოში - პროტესტის გამოსახატად მისული ქალბატონი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა

დედოფლისწყაროში, გამგეობის შენობის პირველ სართულზე მდებარე სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისში 40 წლამდე ქალბატონი, რომელიც სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზების გასარკვევად მივიდა, შეუძლოდ გახდა.
დედოფლისწყაროში მცხოვრები თამარ გოგილაშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა, იქიდან კი მას კატასტროფის მედიცინის ცენტრი თბილისში გადაიყვანს.
როგორც რადიო "ჰერეთს" დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ხათუნა ზურიკაშვილმა განუცხადა, ქალბატონი საავადმყოფოში ეპილეფსიური სტატუსით მიიყვანეს და მის მდგომარეობა ამჟამად საყურადღებოა. ზურიკაშვილის თქმით, ქალბატონს კატასტროფის ცენტრი თბილისში გადაიყვანს. ბრიგადა უკვე გამოძახებულია.
თვითმხილველების მტკიცებით, ქალბატონი სოციალური სააგენტოს მუშაობით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა და იქ არსებულ განუკითხაობას აპროტესტებდა, შეტევაც სწორედ ამ დროს დაეწყო.
მომხდარი ინციდენტის ირგვლივ დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ზურაბაშვილმა კომენტარი რადიო "ჰერეთი"-ს პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი განცხადებით, ქალბატონი საკუთარი სტატუსის გარკვევას ცდილობდა და დაბალ ქულებს აპროტესტებდა. თუმცა ზურაბაშვილი აქვე ირწმუნება, რომ ამ დროისთვის ქალბატონი დახმარების მიმღებია.
"მას დახმარება არც შეჩერებული აქვს და არც მოხსნილი. ჩვენი მონაცემებით, ის ამჟამად დახმარების მიმღებად ითვლება. ეპილეფსიით ყოფილა ავად და ემოციურ ფონზე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით," - აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი.
დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოში უკმაყოფილო მოსახლეობის რიცხვი საგრძნობლად დიდია. "ქიზიყის" ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ინციდენტები სააგენტოში ხშირად ფიქსირდება. ინტენსიურად შუქდება ისეთი ხელმოკლე ოჯახების პრობლემები, რომელთაც სააგენტომ დახმარებები სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზით მოუხსნა, ან შეუჩერა. ეს კი იმ ფონზე, როცა დედოფლისწყაროში კვლავაც ბევრი შეძლებული ოჯახი იღებს ღატაკებისთვის განკუთვნილ ყოველთვიურ საარსებო შემწეობას. /ქიზიყი/ აუდიო>>

Комментариев нет:

Отправить комментарий