среда, 11 января 2012 г.

ოპოზიცია ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის გათავისუფლების შემთხვევაში საპროტესტო აქციას გეგმავს

"თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია სოფელ მირზაანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის მოხსნის შემთხვევაში საპროტესტო აქციას გამართავს.

როგორც "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, “სოფელ მირზაანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელმა ანზორ მაძღარაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ მუზეუმთან მისასვლელი გზის ავარიულობა გააპროტესტა და სიღნაღის გალერეაში 2008 წელს გამოფენილი ფიროსმანის ორი ორიგინალის - "მალაკნების ქეიფი" და "მუშა სოსო" უკან დაბრუნება მოითხოვა, რის გამოც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა 2010 წლის შემოდგომაზე, ფიროსმანობის დღესასწაულზე საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სიიდან ანზორ მაძღარაშვილი ამოიღო".

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გამართულ ატესტაციაზე ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად ადგილობრივმა "ნაციონალურმა" მთავრობამ წარადგინა სახელისუფლებო კადრი ნელი გობეჯიშვილი, რომელიც კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზდულ საქმეთა საკითხების მთავარი სპეციალისტი გახლავთ. "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ანტიხალხურ და ანტიეროვნულ პოლიტიკას აპროტესტებს. მათ ეროვნულობისა და კულტურის სიყვარულის არაფერი გაეგებათ. ხელისუფლებას კულტურის ძეგლები პოლიციის გამჭვირვალე შენობათა შადრევანი ჰგონია.
ანზორ მაძღარაშვილის, ამ პატრიოტი მამულიშვილის გათავისუფლების შემთხვევაში "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია ამ განუკითხაობის შესაჩერებლად მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქციას გამართავს", - განაცხადა დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, მირზაანში ფიროსმანის მუზეუმის დირექტორად ნელი გობეჯიშვილის შესაძლო დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია "ქიზიყმა" ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად გაავრცელა. ამის შესახებ სტატიები ცენტრალურმა გამოცემებმაც გამოაქვეყნეს და კახეთის რეგიონში, სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთის" ეთერშიც რამდენჯერმე გაჟღერდა. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий