პარტია "თავისუფალი საქართველოს" მტკიცებით, "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ყველა სფეროს კუდ-ის თანამშრომლები განაგებენ".
როგორც პარტიაში აცხადებენ, "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი კუდ-ის თანამშრომლების ილია ნატროშვილისა და იოსებ ბენაშვილის გარეშე ვერცერთ საკადრო ცვლილებას ვერ ახორციელებენ და შერჩეული კადრები სხვადასხვა თანამდებობაზე მათი რეკომენდაციისა და მითითებების შედეგად იხსნებიან და ინიშნებიან".
"რაიონში ყველა სფეროში ჩვენს კადრებს უნდა მიყავდეს "პარადი" - ტრაბახობს ილია ნატროშვილი, რომელიც რაიონში ხელშეუხებელია და ყველაფრის უფლება აქვს. მათ უფლება აქვთ, რაიონში ნასვამ მდგომარეობაში დიდი სისწრაფით იმოძრაონ, ცემონ, ვინც მოესურვებათ, დაემუქრონ რიგით მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს და ასე შემდეგ. ისინი ასევე ცდილობენ, ზეგავლენა ჰქონდეთ სხვა სამართალდამცველ ორგანოებზე, რაც ბრწყინვალედ გამოსდით. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ "კონსერვატიული პარტიის" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენელი მიხეილ ბიკაშვილი, რომელიც კოლეჯდამთავრებული გახლავთ, მათ წინაშე "დიდი დამსახურების" გამო საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად დაანიშნინეს, შემდეგ კი თავისი მეუღლეები დაასაქმეს:
რუსუდან ლათიბაშვილი - ილია ნატროშვილის მეუღლე საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა,
ია სეხნიშვილი კი - იოსებ ბენაშვილის მეუღლე - საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმის წარმოების განყოფილების სპეციალისტი. ამასთან, გურამ ნატროშვილი - ილია ნატროშვილის ბიძა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეა, ილია ნატროშვილის ახლო მეგობარი გელა თეთრაული კი - აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე. გარდა ამისა, ილია ნატროშვილის ნათესავი რევაზ ნატროშვილი გამგეობის სპეციალისტია ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში, ხოლო "ნაცმოძრაობის" უხუცესი ბელადი, არჩევნების გაყალბების დიდოსტატი, მრავალმთავრობაგამოვლილი, გამობრძმედილი ჩეკისტი ლევან ჯამალაშვილი რესურსცენტრის ხელმძღვანელად უშუალოდ კუდ-ის ბრძანებით და მითითებით დაინიშნა. ილია ნატროშვილის ახლო, გულითადი მეგობარია ასევე ზაქარია ჭუაძე -რესურსცენტრის გენინსპექტორი.
ეს კადრები წინასაარჩევნოდ განსხვავებული აზრის მქონე მასწავლებელთა დასატერორებლად სჭირდებათ და ეს ტერორი უკვე დაიწყეს. გაათავისუფლეს სოფელ გამარჯვების სკოლის დირექტორი და რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სხვა საკადრო ცვლილებებსაც გეგმავენ. ზაქარია ბატიაშვილი – სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ილია ნატროშვილის სიმამრის გოჩა ლათიბაშვილის ახლო მეგობარია. ეს ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს.
"თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია გმობს კუდ-ის პარპაშს და ნეპოტიზმს მუნიციპალიტეტში. მათი თავაშვებულობა ხალხში მათ წინაშე შიშის და უმწეობის გრძნობას ბადებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, თვალი გადაავლონ ადგილობრივი კუდ-ელების საქმიანობას, რომელიც მჭიდრო მაფიოზურ, კლანურ კავშირშია ადგილობრივ თვითმმართველობასთან", - აცხადებენ პარტიაში. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий