EXCLUSIVE - საინგილოში, ზაქათალას რაიონში მცხოვრებ 8 წლის ნათიას, რომელიც დოკუმენტების არარსებობის გამო სკოლაში სიარულს ამ დრომდე ვერ ახერხებდა, აზერბაიჯანულმა მხარემ ქართული სახელით დარეგისტრირების უფლება რამდენიმე წლიანი მოთხოვნის შემდეგ მისცა.

როგორც "ქიზიყს" საინგილოში მოქმედ ინტერნეტ-გაზეთ "ჰერეთის" რედაქტორმა ზაურ რამაზანოვმა ექსკლუზიურად განუცხადა, ოჯახმა ყველა საჭირო დოკუმენტის მოგროვება მოახერხა, რაც პატარა გოგონას შესაძლებლობას მისცემს სკოლაში იაროს და განათლება მიიღოს.
საინგილოში მცხოვრები ქართველების პრობლემებზე ისაუბრეს გასული წლის ივნისში დედოფლისწყაროში გამართულ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე. აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ქართველ ოჯახებს ბავშვებისთვის ქართული სახელების დარქმევას უკრძალავს. განხილვის მთავარი თემა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და აზერბაიჯანის ქართული დიასპორა იყო. მოხსენებით კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური გამოვიდა.
წიკლაურის განმარტებით, ქართული სახელების მქონე მოზარდებს აზერბაიჯანის ხელისუფლება პირადობის მოწმობებს არ აძლევს და სახელის გადაკეთებას აიძულებს. დოკუმენტების არარსებობის გამო კი ქართველი ოჯახები ბავშვებს ვერც სკოლაში ატარებენ და განათლების მიღების საშუალებაც წართმეული აქვთ.
,,სამაგალითოა ზაქათალაში მცხოვრები ოჯახი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს. უფროსი შვილი ნათია 8 წლისაა, მაგრამ განათლების მიღებას ვერ ახერხებს, რადგან ქართული სახელის გამო მას არც პირადობის მოწმობა მისცეს. ამ ოჯახმა საქართველოს პარლამენტს დახმარების თხოვნით წერილი გამოუგზავნა. ნათიას მშობლები არ მალავენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სახელის გადაკეთებას აიძულებს, ამას ისინი არ თანხმდებიან, დოკუმენტების გარეშე კი გოგონა ვერც საბავშვო ბაღში შეიყვანეს და ვერც სკოლაში.
ზოგადად, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა უფრო აქტიურად თანამშრომლობდეს მოსაზღვრე აზერბაიჯანის ცალკეულ რაიონებთან. ასეთი მუნიციპალიტეტები ჩვენთან ლაგოდეხი და დედოფლისწყაროა, სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ, გასვლითი სხდომა დედოფლისწყაროში გამართულიყო. სერიოზულად განსახილველი საკითხია საინგილოში ქართული სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის საკითხი. ამჟამად საინგილოში ქართული სკოლა არ არსებობს. მართალია არის ქართული სექტორები, მაგრამ რადგან საბავშვო ბაღი არ არის, საწყის ეტაპზე პატარები აზერბაიჯანელ მოზარდებთან ურთიერთობენ და თავიდანვე მათ ენაზე ეჩვევიან.
რაც დრო გადის, მით ნაკლები ქართული სექტორი რჩება. ზაქათალაში ამჯერად 2 ქართული სექტორია და აქედან 1 გაუქმების პირასაა. როცა ადგილობრივ ხელისუფლებას მიზეზებზე ვეკითხებით, ამბობენ, რომ კონტინგენტი არ არსებობს, ცოტა ბავშვი დადის და იძულებული არიან დახურონ. არ არსებობს ქართული ტოპონიმი. მხოლოდ 1 იყო - ვერხვიანი და ისიც შეცვალეს. ყოველი წელი იქ მცხოვრებ ადამიანებს ქართულ ენასთან სულ უფრო აშორებს. ელჩთანაც გვქონდა შეხვედრები, მათ კულტურის სამინისტროსთანაც, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება, ვითარება უარესდება. სოფელ ალიაბადში დაიხურა ქართული სკოლა და საბავშვო ბაღი.
სერიოზულად დასაფიქრებელი ვითარებაა. არ უნდა გვქონდეს უკან სვლა. უნდა შევჯერდეთ, რომ მთელი სახელმწიფო ჩავერთოთ პროცესში. სერიოზული კომიტეტის სხდომა უნდა ჩავატაროთ. აუცილებელია მეტი ჩართულობა, სხვაგვარად არაფერი გამოვა. წელიწადში ერთხელ ჩასვლა და 10 ბურთის ჩატანა არაფერს შეცვლის. მომავალ ჩასვლაზე ისევ იგივე პრობლემები დაგვხვდება," - აცხადებდა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური დედოფლისწყაროში გამართულ გასვლით სხდომაზე. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
(y)
ОтветитьУдалить