понедельник, 2 января 2012 г.

1 იანვარს დედოფლისწყაროში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

EXCLUSIVE - სადღესასწაულო გართობა ტრაგიკულად დასრულდა დედოფლისწყაროში. ცენტრალურ მაგისტრალზე 1 იანვრის ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განსაკუთრებით მძიმეა კიდევ ერთი მგზავრის მდგომარეობა, რომელიც დედოფლისწყაროს საავადმყოფოშია მოთავსებული.

გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი აუდის მარკის ავტომობილი დედოფლისწყაროს შესასვლელში ცენტრალურ მაგისტრალზე მოცურდა, რამდენჯერმე ამობრუნდა და სახელოსნოსთან მდგარ ხეს შეეჯახა. ავტომანქანაში სოფელ სამრეკლოში მცხოვრები სამი მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი 28 წლის ლია ზარაფიშვილი და ავტომანქანის მძღოლი 39 წლის ვასილ თარაშვილი საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპნენ.

როგორც დედოფლისწყაროს მთავარი ექიმი ხათუნა ზურიკაშვილი აცხადებს, ამ დრომდე მძიმე რჩება კიდევ ერთი მგზავრის, გარდაცვლილ ლია ზარაფიშვილის ძმის 32 წლის ზურაბ ზარაფიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გოგონა გარდაცვლილი დახვდა. მედიკოსები დანარჩენი დაშავებულების სტაციონარში მოთავსებას ეცადნენ, თუმცა მძღოლი გზაში გარდაიცვალა. რაც შეეხება ცოცხლად გადარჩენილი ერთადერთი მგზავრის მდგომარეობას, სტაბილურად მძიმეა. ზარაფიშვილს მრავლობითი მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება, ასევე თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. საუბარი უჭირს, თუმცა გონზე მოდის. დანარჩენ მგზავრებს, სამწუხაროდ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია,“ – აცხადებს დედოფლისწყაროს საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.

გარდაცვლილების ახლობლებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, მგზავრები სავარაუდოდ დედოფლისწყაროდან რუსთავის მიმართულებით მოძრაობენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთ–ერთი ვერსიით მძღოლი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა, თუმცა ვასილ თარაშვილის ახლობლების თქმით, ის სასმელს არასოდეს სვამდა და ახლადშეძენილ ავტომანქანასაც განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა. გაიჟღერა იმ ვერსიამაც, რომ შესაძლოა, საჭესთან გოგონა დასვეს, რაც ტრაგიკული შემთვევის მიზეზი გახდა.

ცხედრები ოჯახებში უკვე გადაასვენეს. გარდაცვლილებს სოფელ სამრეკლოში ხუთშაბათს 5 იანვარს დაკრძალავენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება: რადიო ჰერეთი ; ნიუსლაინი ;

Комментариев нет:

Отправить комментарий