понедельник, 12 декабря 2011 г.

გარდაცვლილი მშობიარის ოჯახი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზს არ იზიარებს

ორი დღის წინ დედოფლისწყაროს სამშობიარო სახლში გარდაცვლილი მშობიარის, 29 წლის თალიკო ქამაშიძის ოჯახი გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება. ახლობლების განმარტებით, მშობიარეს სისხლის დენა დაეწყო და ამიტომ გარდაიცვალა. საავადმყოფოში კი ამბობენ, რომ ოჯახს მედპერსონალთან პრეტენზიები არა აქვს და ამის თაობაზე მათ ხელწერილიც კი დაწერეს.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, გავრცელებული ხმები ახალშობილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დასტურდება. პატარა მკურნალობას თბილისში განაგრძობს.
როგორც „ქიზიყს“ გარდაცვლილი მშობიარის ძმამ გოჩა ქამაშიძემ განუცხადა, მიზეზებზე საუბარს და პროტესტის გამოხატვას მოგვიანებით გეგმავენ: ,,ბავშვის გადარჩენა მოხერხდა, ამჟამად ჩვილი თბილისში ინკუბატორშია მოთავსებული. დედის გადარჩენაც შეიძლებოდა, მაგრამ... მთავარი ისაა, რომ ამჟამად ჩემი და ცოცხალი აღარ არის... რა ვერსიები ვრცელდება, ეგ საერთოდ არ მაინტერესებს, ახლა ჯერ ამის მისახედად არ გვცალია, თუმცა ამის დროც მალე მოვა და გავაპროტესტებთ,“ – აცხადებს გოჩა ქამაშიძე.

„მეორე შვილის გაჩენა აღარ სურდა, რადგან ეს დაავადება აწუხებდა. აბორტი გაიკეთა, თუმცა აღმოჩნდა რომ ტყუპებზე ყოფილა ორსულად. ანუ, აბორტის შემდეგ ერთი ნაყოფი დარჩა და ამის შესახებ გვიან გაიგო. სხვა გზა არ იყო და გააჩინა, ალბათ ესეც მისი ბედისწერა იყო,“ – აცხადებენ ოჯახის ახლობლები.

მედიკოსების განმარტებით, ნაადრევი მშობიარობა დაფიქსირდა და ნაყოფი 6 კვირით ადრე დაიბადა. თალიკო ქამაშიძე სოფელ სამთაწყაროდან არის და ქალაქ დედოფლისწყაროში ზოროღლიანების ოჯახში იყო გათხოვილი. გარდაცვლილ ახალგაზრდას სამშაბათს, 13 დეკემბერს ქალაქ დედოფლისწყაროში დაკრძალავენ.

სამშობიაროში ნაადრევი მშობიარობით მიყვანილი 29 წლის ქალი 9 დეკემბერს გარდაიცვალა. დედოფლისწყაროს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის განმარტებით, მშობიარეს ვენების თრომბოემბოლიური დაავადება ჰქონდა, რის გამოც მშობიარობის დროს თრომბმა ქალბატონის გარდაცვალება გამოიწვია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება: ჯეონიუსი ;

Комментариев нет:

Отправить комментарий