пятница, 2 декабря 2011 г.

2–ე საჯარო სკოლამ თეატრალურ ფესტივალში გაიმარჯვა

26 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამართული თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულ სკოლებს პორტატული კომპიუტერები გადასცა. ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და მასში სტუდენტები, მოსწავლეები, მათი მშობლები, საქართველოში მცხოვრები ბოშები, დევნილები და რეპატრირებული მესხები მონაწილეობდნენ.

ფესტივალში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან №2 საჯარო სკოლის ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. მათ სავიზიტოდ ოსკარ უაილდის "ვარსკვლავბიჭუნა“ ჰქონდათ გატანილი.

სპექტაკლის რეჟისორი გეგა ქურციკიძე გახლდათ, რომელიც ქალაქ რუსთავის კულტურის ცენტრის და ქალაქ თბილისის ლიტერატურული თეატრის რეჟისორია. ჟიურის განსაკუთრებული მოწონება ამ ბავშვების მიერ წარმოდგენილმა სპექტაკლმა დაიმსახურა. მათ პორტატულ კომპიუტერთან ერთად სპეციალური პრიზი გადაეცათ, რომელზეც ამოტვიფრული სიტყვები „სიკეთის კეთებიდან სამოქალაქო აქტივობამდე“.

პროექტს კოორდინაცია სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორმა ლელა ცქიტიშვილმა და №2 საჯარო სკოლის კოორდინატორმა მანანა ლამაზოშვილა გაუწიეს.

შეგახსენებთ, ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამას“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2007 წლიდან წარმატებით ახორციელებს. პროგრამის მიზანი სხვადასხვა სოციალური ფენისა და წარმომავლობის მოზარდების დამეგობრება და მათი საზოგადოებრივ საქმიანობებში ჩართვაა.

ცნობისთვის: ქალაქ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლა ერთ–ერთი სკოლაა, სადაც ყველაზე მეტი ბოშა მოსწავლე ირიცხება. წერა–კითხვა არც მათმა მშობლებმა იციან, ამდენად, მათი სკოლაში შეყვანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. იმის გამო, რომ ისინი რაიონული ცენტრისგან მკვეთრად მოწყვეტილები არიან და სხვა სოფელში ცხოვრობენ, სკოლაში სიარულს ვერ ახერხებდნენ, თუმცა ბოლო დროს მათ სპეციალური სასკოლო ავტობუსი ემსახურებათ, რომელიც ბოშა ბავშვების ტრანსპორტირებას ყოველდღიურად უზრუნველყოფს. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий