понедельник, 21 ноября 2011 г.

დაკეტილი ხიდის გახსნას ითხოვენ სამთაწყაროში

დაკეტილი ხიდის გახსნას ითხოვენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოები. გიორგობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთოვენ. როგორც ადგილზე მოსახლეობამ რადიო "ჰერეთს" განუცხადა, ხიდის გახსნა საავტომობილო მოძრაობისთვის მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან კარგავენ კავშირებს იქ მცხოვრებ ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან. მიმდინარე წელს ხიდის გახსნა მოითხოვა დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ლეკაშვილმაც, თუმცა ხიდი ამ დრომდე არ გახსნილა. ადგილობრივ მოსახლეობას მიზეზი რის გამოც ხიდია დაკეტილი აბსურდულად მიაჩნია. მაგალითისთვის მათ საპარლამენტო არჩევნები მოჰყავთ, როცა ხიდი გაიხსნა. თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ ისევ დაკეთეს.
როდის გაიხსნება ხიდი? - ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი არ აქვთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. "ჰერეთი" საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილს ესაუბრა. მან ზუსტად არ იცი რატომ არის საავტომობილო მიმოსვლისთვის დაკეტილი სამთაწყაროს ხიდი. ბაღაშვილის თქმით, არც თავად არის წინააღმდეგი, რომ ხიდი გაიხსნას. საკრებულოს თავმჯდომარე აქვე ამბობს, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, ხიდი დაზიანებულია და გადაადგილება სახიფათო. "საკითხის მოსაგვარებლად მუდმივ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან", - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.
სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოები საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდის გახსნას თითქმის ერთი წელია ითხოვენ. სამთაწყაროს ხიდზე ავტომობილებით გავლა, ხიდის დაზიანების მიზეზით, 2010 წელს აიკრძალა. სამთაწყაროში მცხოვრებ ინგილოებს საინგილოში გადასვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ხიდზე ფეხით გავლენ. ამის გამო მათ ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტით სარგებლობა უხდებათ, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. /ჰერეთი/

Комментариев нет:

Отправить комментарий