среда, 30 ноября 2011 г.

პოლიციამ იარაღის დამზადება–გასაღების ფაქტზე 2 მოზარდი დააკავა

EXCLUSIVE - შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა იარაღის კუსტარულად დამზადება–გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, დაკავებულები არიან სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრები 1992 წელს დაბადებული შავლეგო თეთრაული და მისი თანამზრახველი 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი იარაჯული, ის ამ დრომდე პირობითი პატიმრობის ვადაში იმყოფებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, შავლეგო თეთრაულმა თვითნაკეთი იარაღი მეზობლად მცხოვრებ მაია იარაჯულს 200 ლარად მიჰყიდა, მან კი მამაკაცი პოლიციაში ამხილა.
„ჩვენდა საუბედუროდ, შავლეგოს ასეთი ნიჭი აქვს, ტექნიკასთან ჩხირკედელაობა ეხერხება. არ ვიცოდით, თუ საშარო საქმე გაუხდებოდა. ძალიან წესიერი ახალგაზრდაა, ცუდი ზრახვები ნამდვილად არ ჰქონია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მყიდველი პოლიციასთან „შეკრული“ იყო და დაასმინა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ დაკავებულის დედა მანანა თეთრაულმა.

სისხლის სამართლის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დედოფლისწყაროს სასამართლო საპროცესო შეთანხმების გაფორმებასა და გირაოს შეფარდების საკითხზე იმსჯელებს, მის თანამზრახველს კი ბრალი დაუმძიმდება.

შეგახსენებთ, დაკავებული შავლეგო თეთრაული დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატის, აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის გელა თეთრაულის ბიძაშვილია. /ქიზიყი/

გამოხმაურება: მედიანიუსი ; ჯეონიუსი ; რადიო ჰერეთი ; ნიუსლაინი ; გაზეთი საქართველო&მსოფლიო ;

Комментариев нет:

Отправить комментарий