среда, 19 октября 2011 г.

ეპარქიამ სოფლის ახალ სახელწოდებებზე საკრებულოს რეკომენდაცია მისცა

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც რამდენიმე სოფლისთვის ახალი სახელების მინიჭების შესახებ არის საუბარი. ეპარქიის სამღვდელოება მიიჩნევს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელს საბჭოური წარმომავლობის სახელი დროულად უნდა შეეცვალოს. ეპისკოპოს მელქისედეკის წერილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ წაიკითხა. შემდეგ კი აღნიშნა, რომ კონკრეტულ სახელებზე არა, მაგრამ მათი აზრები სახელწოდებების შერჩევის გზებთან დაკავშირებით სრულიად ემთხვევა. წერილში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ეპარქიის სამღვდელოება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სამი სოფლის სახელწოდების რეკომენდაციას აძლევს. სოფელ წითელწყაროს ეწოდოს - ხორნაბუჯი, სოფელ საფარიძეს - სამრეკლო, ხოლო ლენინოვკას - ჭოეთი. ეპისკოპოსი მელქისედეკი და ეპარქიის სამღვდელოება მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით ისტორიული სამართლიანობა აღდგება. შეგახსენებთ, ამასწინათ, სოფელ ჯაფარიძეში სოფლის ინტელიგენციის წარმომადგენელთა კრება გაიმართა, სოფლის ახალი სახელწოდების ირგვლივ მსჯელობის მიზნით. "ქიზიყი" უკვე იუწყებოდა, რომ მასში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილემ და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ. ასევე, დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის დეკანოზმა ნიკოლოზ ლომსაძემ. დეკანოზი სოფლისთვის "სამრეკლოს" დარქმევის საკითხს მიემხრო და აღნიშნა, რომ ეს სახელწოდება გაცილებით ახლოსაა სულიერებასთან. მან სხდომაზე მიანიშნა, რომ ამ სახელწოდებას მხარს უჭერს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსი მელქისედეკიც. ამის მიუხედავად სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ილია ტალიაშვილი და სოფლის საჯარო სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ სოფელს ნიკორციხე, ან ნიკორწმინდა დაერქვას. ამ ფაქტმა კი დანარჩენების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ისტორიულ წყაროებში სიტყვა ნიკორციხეს მათ სოფელთან არანაირი შეხება არ აქვს. ამას გარდა, სოფლის მცხოვრებთა დიდი ნაწილი სწორედ სამრეკლოს უჭერს მხარს. ადგილობრივ ინტელიგენციას კი მიაჩნია, რომ სამღვდელოების აზრის უგულებელყოფა მკრეხელობაა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий