вторник, 25 октября 2011 г.

საპროტესტო აქციის შემდეგ სამთაწყაროელები პოლიციამ დააწიოკა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს მაცხოვრებლები სახნავ-სათესი მიწების გაყიდვას აპროტესტებენ. მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია სოფელში ორიოდ დღის წინ გამართა. აქციაზე მყოფი აღშფოთებული მოქალაქეების კომენტარები მედიასაშუალებებითაც გავრცელდა.

როგორც მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საპროტესტო აქციის გამართვის დღეს, გვიან ღამით ადგილობრივმა პოლიციელებმა აქციის ორგანიზატორებს სახლში მიაკითხეს, პოლიციაში წაიყვანეს და აიძულებდნენ უცხოელი ინვესტორებისთვის მიწების შესყიდვაში ხელი აღარ შეეშალათ. პარტიაში ირწმუნებიან, რომ საზღვრისპირა სოფლებში ჩასახლებული ეკომიგრანტები ისევ აჭარაში დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ.

,,საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს სამთაწყაროს მაცხოვრებლებს სიმონ ცინცაძესა და ბიჭიკო გორგაძეს, ღამის პირველ საათზე სამართალდამცველებმა სახლში მიაკითხეს და არხილოსკალოს პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ისინი აცხადებენ, რომ პოლიციელებმა მკაცრად გააფრთხილეს ინვესტორებისთვის, რომლებიც სამთაწყაროში იმყოფებოდნენ ხელი არ შეეშალათ, თორემ იძულებული იქნებოდნენ მათ წინააღმდეგ ემოქმედათ. ვეკითხებით იმ კომპეტენტურ პიროვნებას, რომელმაც ღამის 1 საათზე ეს ოჯახები დააწიოკა - ხომ არ გაგონებთ ეს ფაქტი 1937 წლების ეპოქას? გლეხს, რომელსაც, მთელი წლის ნაშრომი წყალში ჩაეყარა, რომელმაც ყურძნის მიზერული ფასით დანახარჯიც ვერ აინაზღაურა, გლეხს რომელსაც სოფლად სახნავ-სათესი მიწები წაართვეს და მშიერი დარჩა, ხმაც აღარ უნდა ამოიღოს???, - ნათქვამია პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის განცხადებაში.

,,სამთაწყაროში 420 ოჯახი ვართ, ყურძენი ხომ ჩალის ფასად გადაგვაყრევინეს, ახლა სახნავ-სათესი გაგვიყიდეს, საარსებო პირობებს გვართმევენ, ჩვენ აჭარიდან დედოფლისწყაროში მიწების გულისთვის ჩამოგვასახლეს და ახლა კი მიწებიც წაგვართვეს. ამასწინათ, კახა კუკავა რომ იყო სამთაწყაროში ჩამოსული, გლეხების სასიკეთოდ გვესაუბრა. რუსეთის ბაზარი როცა გახსნილი იყო, საფერავს 2 ლარად ვაბარებდით და შეძლებულადაც ვცხოვრობდით. გვინდა, რომ შევხვდეთ და დახმარება კუკავას ვთხოვოთ. მიწები თუ ვერ დავიბრუნეთ, აჭარის ხელმძღვანელობის სახელზე მოთხოვნას დავწერთ, რომ ისევ აჭარაში დაგვაბრუნონ! აქ ჩვენ აღარაფერი დაგვრჩენია,“ – აცხადებენ სამთაწყაროელები.

სამთაწყაროელ გლეხებს ეს მიწები 49 წლიანი ხელშეკრულებით ჰქონდათ გაფორმებული, რომელიც ხელისუფლებამ იტალიელ ინვესტორებზე გაყიდა. ამჯერად უკმაყოფილო სამთაწყაროელები „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციას დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ სოფელში პარტიის ლიდერი, კახა კუკავა ჩასულიყო და მათი პრობლემები მოესმინა.

ამის შესახებ რადიო "ჰერეთის" ეთერში კომენტარი მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს"კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილმაც გააკეთა. /ქიზიყი/ აუდიო>>

გამოხმაურება პრესაში: ნიუსლაინი>>

Комментариев нет:

Отправить комментарий