пятница, 21 октября 2011 г.

სამთაწყაროში მიწების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში, მიწების დაბრუნების მოთხოვნით 70-მდე ადგილობრივი საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები სოფელში კახეთის გუბერნატორის და რაიონის ხელმძღვანელი პირების ჩასვლას ითხოვენ.
საქმე ეხება, სოფელში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას არენდით ჰქონდა აღებული. როგორც რადიო "ჰერეთს" აქციის მონაწილეებმა აცნობეს, მათ აღნიშნული მიწების შეძენა ვერ მოახერხეს, შემდეგ კი ტერიტორიები ერთ-ერთმა თბილისელმა ბიზნესმენმა შეიძინა. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, დღეს სოფელში არსებული მიწების უმეტესობა იტალიელი ინვესტორის ხელში აღმოჩნდა, რომელიც ზეთისხილის მეურნეობის განვითარებას გეგმავს.
ადგილობრივთა თქმით, ისინი საძოვრებისა და სახნავ-სათესი მიწების გარეშე რჩებიან, რასაც არ დაუშვებენ.

დედოფლისწყაროში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა მოძრაობა „თვისუფალი საქართველო“. მისი წარმომადგენლის თამილა გურაშვილის განცხადებით, „ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამყარდა ეჭვი, რომ ხელისუფლება ანტიეროვნულ ღონისძიებებს ატარებს“.

რადიო „ჰერეთი“ კომენტარისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა, თუმცა გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილმა განაცხადა, რომ საქმის კურსში არ არის, გაერკვევა რა ხდება სამთაწყაროში და კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებს.
დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, ასევე არ აღმოჩნდა სქმის კურსში თუ რას აპროტესტებს სამთაწყაროს მოსახლეობა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ერთის თქმა შეუძლია, თუ ვინმე გლეხს საკუთრებას ართმევს, ისინი მათ გვერდში დაუდგებიან. კონკრეტულად აქციის შესახებ კი ამბობს, რომ საქმის კურსში გაერკვევა. /ჰერეთი/ აუდიო კომენტარები>>

Комментариев нет:

Отправить комментарий