пятница, 28 октября 2011 г.

ეთერ კაკულია, მერაბ გეგეჭკორი და "შირაქისა" და "შავლეგოს" შთამბეჭდავი კონცერტი დედოფლისწყაროში

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს კულტურის სახლში ქორეოგრაფიულ ანსამბლ "შირაქისა" და ჩოხოსანთა ანსამბლ "შავლეგოს" კონცერტი გაიმართა, სადაც ასევე მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მომღერალი ეთერ კაკულია და პოპულარული პაროდისტი მერაბ გეგეჭკორი.

კონცერტის დაწყებამდე მაყურებელმა ქორეოგრაფიული სტუდიის ბაზაზე ჩამოყალიბებული ქორეოგრაფიული ანსამბლ „შირაქის“ წარმატებებისა და სხვადასხვა ქვეყნებში გასტროლების ამსახველი დოკუმენტური ვიდეო–ფილმი იხილეს. შემდეგ კი სცენა ანსამბლ „შირაქის“ მოცეკვავეებმა დაიპყრეს და მაყურებლის წინაშე ჩვეული ცეცხლი დაანთეს. შესრულდა ყველასთვის საყვარელი ცეკვები: „განდაგანა“, „ხორუმი“, „ფარიკაობა“, „ხევსურული ცეკვა“ „სვანური“ და სხვა. ხსენებული ანსამბლი თავდაპირველად დედოფლისწყაროს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებობდა, მოგვიანებით კი ქორეოგრაფიულ ანსამბლად გარდაიქმნა და უამრავი წარმატებული კონცერტი გამართა.

საპატიო სტუმრების რანგში კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ჩოხოსანთა ანსამბლ "შავლეგოს" წარმომადგენლებიც. როგორც ცნობილია, ამ ხელოვან ადამიანებს ხსენებულ ანსამბლთან განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი და ახლო მეგობრობა აკავშირებს. სცენაზე ასვლისთანავე მათ მაყურებელს სწორედ ანსამბლების მჭიდრო ურთიერთობაზე უამბეს და ჩვეული ოსტატობით კიდევ ერთხელ მოხიბლეს დედოფლისწყაროელი მსმენელი.

„როგორც იცით, ორიოდ თვის წინ ჩვენ ამ ანსამბლთან ერთად საფრანგეთში ვიმოგზაურეთ. გაოგნებულები ვიყავით ამ ბავშვებით. დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ მათ და მათ შობლებს. წარმოიდგინეთ, რომ 10 დღის მანძილზე ერთად ვიყავით და ამ პერიოდში არცერთ ბავშვს ჩვენგან 1 შენიშვნაც არ დაუმსახურებია. უდაოდ კარგად აღზრდილი თაობა ჰყავს დედოფლისწყაროს. ეს კი ჩვენ მართლაც ძალიან გვახარებს,“ – აღნიშნა ანსამბლ „შავლეგოს“ პროდიუსერმა კოტე მიქაძემ.

შემდეგ კი ყველასგან მოულოდნელად სცენაზე განსაკუთრებული იმიჯის მქონე ქართველი მომღერალი ეთერ კაკულია იხმეს, დარბაზიც განსაკუთრებულად გამოცოცხლდა. კაკულია დედოფლისწყაროს პაროდისტ მერაბ გეგეჭკორსა და ბიზნესვუმენ ნაზი ალასანიასთან ერთად სტუმრის რანგში ეწვია, მისი სცენაზე გამოსვლა არც იგეგმებოდა, თუმცა მომღერალმა დედოფლისწყაროელებისთვის ჩვეული ხალისით იმღერა. ეთერ კაკულიამ თავდაპირველად შეასრულა სიმღერა „თბილისელები“, რომელიც თავისებური ინტერპრეტაციით გააჟღერა და ასე ამღერდა: „თბილისელები ვესალმებით დედოფლისწყაროს“. ასევე, „კომედი შოუს“ საახალწლო კონცერტზე შესრულებული ახალი თაობისთვის საყვარელი შაკირას ჰიტი „ვაკა–ვაკა“ იმღერა, რამაც დარბაზი განსაკუთრებით გაახურა. მაყურებელი ოვაციებს და აპლოდისმენტებს არ იშურებდა.

მოგვიანებით სცენაზე პაროდისტი მერაბ გეგეჭკორი მიიწვიეს, რომელმაც აღნიშნა, რომ არ სურდა ამ მშვენიერი ცეკვების შემდეგ მაყურებელი პოლიტიკოსების პაროდიებით გადაეტვირთა, ამიტომ ამჯერად ლექსის წაკითხვით შემოიფარგლა, ადგილობრივების მიმართ სითბო ღიად გამოხატა და სცენა დატოვა.

„როგორც იცით, საფრანგეთში გამგზავრებამდე დედოფლისწყაროში ჩვენ საიუბილეო კონცერტი გავმართეთ და მაშინ მაყურებელს პირობა მივეცით, რომ იმ ფროგრამას, რასაც საფრანგეთში წარვადგენდით, აუცილებლად ვაჩვენებდით დედოფლისწყაროს მაყურებელსაც და ამჯერად სწორედ ეს პირობა ავასრულეთ და იგივე პროგრამა დედოფლისწყაროშიც წარმოვადგინეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ვფიქრობთ, რომ მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა. ცოტა სიცივემ შეგვიშალა ხელი. ცუდი ამინდი დაემთხვა, დარბაზშიც ციოდა და განწყობას ოდნავ ეს გვიფუჭებდა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ანსამბლ „შირაქის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე გაბრიელაშვილმა.

ჯემალ ადამაშვილი („შავლეგოს“ ხელმძღვანელი): – „ეს ანსამბლი ძალიან გვიყვარს და აქამდეც ხშირად ჩამოვსულვართ დედოფლისწყაროში. ახლაც, მას შემდეგ, რაც ალექსანდრე გაბრიელაშვილმა კონცერტში მონაწილეობისთვის მოგვიწვია, სიამოვნებით ჩამოვედით. გულწრფელად გითხრათ, ამ ბავშვებმა მართლაც დიდი სიყვარული დათესეს ჩვენში, კარგად აღზრდილ თაობას კი ძალიან ვაფასებთ.“

როგორც გაზეთ „ქიზიყმა“ გაარკვია, ანსამბლ „შავლეგოს“ შემადგენლობაში შედის აკაკი წერეთლის როლის შემსრულებელი ფილმში „აკაკის აკვანი“ – ომარ ჩიტაია.

ეთერ კაკულია (მომღერალი): – „სრულიად შემთხვევით ჩამოვედით დედოფლისწყაროში. სტუმრად ვიყავით საგზაო სამმართველოს ხელმძღვანელთან ვანო ლოლაშვილთან. გავიგეთ, რომ კონცერტი ტარდებოდა და სურვილი გაგვიჩნდა დავსწრებოდით. დარბაზში რომ ვიჯექით იმდენად ვისიამოვნეთ, რომ გადავწყვიტე სცენაზე მეც ავსულიყავი. ორი კარგი სიმღერა გაჩუქეთ, დედოფლისწყაროელებსაც მოგეფერეთ. ხომ შეიძლებოდა... მგონი კარგი იყო, არააა?.... თქვენ გენაცვალეთ რაა, ჩემო დედოფლისწყაროელებო, აი შემოგევლეთ ყველას, ძალიან მიყვარხართ, იციიიით?.... დღეს ჩამოვედით, სხვა ვერაფრის მონახულება ვერ მოვასწარით დედოფლისწყაროში, მაგრამ ეს რაიონი ძალიან მიყვარს და ყველანი ძალიან კარგები ხართ რაა“...

საღამო ერთობლივი მრავალჟამიერით დასრულდა, საფინალო ნომერი ძალზე შთამბეჭდავი და ემოციური იყო. კონცერტის დასასრულს კი დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ჯიბღაშვილმა სტუმრებსაც და მასპინძლებსაც მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საღამო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით და თანადგომით გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან კონცერტს მხოლოდ დედოფლისწყაროს კულტურის, განათლების, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ყოჩიაშვილი და კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ივანე შანშიაშვილი ესწრებოდნენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий