понедельник, 31 октября 2011 г.

თელავში სოფლის რწმუნებული ჟურნალისტზე მუქარისთვის გაათავისუფლეს - დედოფლისწყაროში ისევ ფიქრობენ

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ თეთრწყლების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი წიკლაური, კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტის ნათია დანელიშვილის მიმართ განხორციელებული მუქარისათვის, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კახეთის რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესმდივნის ხათუნა გულიაშვილის განცხადებით, გამგებელი და გუბერნატორი საქმის ვითარებაში გაერკვივნენ და თანამდებობიდან გიორგი წიკლაურის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის მედეა კეკელიას ინფორმაციით, წიკლაურმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.
ამ ფონზე კვლავაც უცვლელი ვითარებაა დედოფლისწყაროში. 17 დეკემბერს სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე შს დედოფლისწყაროს პოლიციეს სამმართველომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რწმუნებული, რომელიც ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ჩაერია, კვლავაც თანამდებობაზე რჩება და სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრებზეც ცხადდება.
"ქიზიყი" დაინტერესდა, თუკი თელავის ხელმძღვანელობამ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და გამოძიების შედეგებს არ დაელოდა, რატომ ხდება ისე, რომ დედოფლისწყაროში კვლავაც გამოძიების შედეგებს ელიან. თელავის მაგალითი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმაც იცის, თუმცა კვლავაც იგივე აზრზე რჩება, რაზეც მანამდე იყო და რეაგირებას ამ ეტაპზე არ გეგმავს:
,,საქმე აღძრულია, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ღარიბაშვილი დამნაშავეა... ძიების შედეგი რომ დაიდება, რეაგირებას მერე მოვახდენ," - აცხადებს ნიკოლოზ შანშიაშვილი, თუმცა გამგებელი თელაველი კოლეგისგან განსხვავებით ჯიუტად მაინც გამოძიების შედეგებს ელოდება, ეს მაშინ, როცა თელავის გამგეობა გამოძიების შედეგებს არ დალოდებია და რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა.
,,როგორც ვიცი, თქვენს გაზეთთან გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა დედოფლისწყაროში მომხდარ ფაქტზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. ეს კომენტარი საიტზე მეც წავიკითხე. გუბერნატორი ვითარებას შეისწავლის და ადექვატურ რეაგირებას მოახდენს. როგორც ხედავთ, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაქცია არ აყოვნებს. რეაგირება ყოველთვის იქნება სიტუაციის ადექვატური," - განუცხადა "ქიზიყს" კახეთის გუბერნატორის პრეს-მდივანმა ხათუნა გულიაშვილმა.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში წითელწყაროს რწმუნებული ტარიელ ღარიბაშვილი ინციდენტს ადასტურებს, თუმცა გინების ფაქტს უარყოფს. /ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი, თამილა გურაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий