понедельник, 3 октября 2011 г.

საერთაშორისო ტურნირზე დედოფლისწყაროს ფედერაციამ მეორე და მესამე ადგილები აიღო

1 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, გლდანის სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა K 1–ში, სადაც დედოფლისწყაროს საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას. ტურნირში აზერბაიჯანის 2 და სასომხეთის და ირანის გუნდები მონაწილეობდნენ. ფედერაციაში აცხადებენ, რომ ფინანსების არ ქონის გამო, ტურნირზე სამი სპორტსმენის გამგზავრება ვერ შეძლეს.
როგორც ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“ ფედერაციის მწვრთნელმა გიორგი ცისკარაულმა აცნობა, საერთაშორისო ტურნირში დედოფლისწყაროდან 2–მა სპორტსმენმა იასპარეზა. ცისკარაულის განმარტებით, ნიკა ჩიტიშვილი 35კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ის თბილისის კლუბ „ლელოს“ სპორტსმენს ერკინებოდა. საბოლოო ჯამში, ჩიტიშვილმა ორი ბრძოლა გამართა, რის შემდეგაც წილად მეორე ადგილი ხვდა.
რაც შეეხება მეორე სპორტსმენს, „ქიზიყის“ ინფორმაციით, გივი გოჩიტაშვილი 24 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ის აზერბაიჯანის კიკბოქსინგის ფედერაციის წარმომადგენელს შეხვდა.
„შეჯიბრის ორგანიზება მართლაც აღსანიშნავია. მინდა, FREE FIGHTING–ის (ბრძოლა წესების გარეშე) ფედერაციის პრეზიდენტს გოჩა კახაბრიშვილს მადლობა გადავუხადო ჩვენი მიწვევისთვის და საუკეთესო ორგანიზებისთვის. ამ ორი სპორტსმენის ბრძოლა ნამდვილად გამორჩეული იყო, მაყურებელს საინტერესო სანახაობა აჩვენეს. გოჩიტაშვილი რინგზე იმდენად ეფექტური იყო, ირანელები მოდიოდნენ და კამერით უღებდნენ. ჩიტიშვილი კი ასაკით ბევრად უფროს სპორტსმენებს შეხვდა, თუმცა პირველი ბრძოლა მოიგო, ხოლო მეორე შეჯიბრი სამი წლით უფროსი ასაკის მეტოქესთან მოუწია და ქულების საკმაოდ მცირე სხვაობით დამარცხდა. საბოლოო ჯამში, ჩვენი მონაწილეობა ტურნირში წარმატებული გამოდგა. გოჩიტაშვილი მხოლოდ 7 წლისაა. სულ 2 კვირაა რაც ვარჯიშს შეუდგა და ჯერ წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა. ის ცაციაა და ამის ხარჯზე საკმაოდ მოულოდნელ დარტყმებს აკეთებს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო დედოფლისწყაროს ფედერაციის პრეზიდენტს, მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრის სპეციალისტს, თენგიზ გუმაშვილს გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის,“ – განუცხადა „ქიზიყს“ გიორგი ცისკარაულმა.

როგორც მწვრთნელი აცხადებს, საერთაშორისო ტურნირზე დედოფლისწყაროდან 5 სპორტსმენის გამგზავრება იგეგმებოდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო მხოლოდ 2 მათგანის მონაწილეობა მოხერხდა, მათი ხარჯების დაფარვა თავად ოჯახებს მოუხდა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფედერაციის სპორტსმენები 16 ოქტომბერს ქალაქ თელავში, კახეთის ჩემპიონატზე ასპარეზეობისთვის ემზადებიან, სადაც კახეთის რეგიონის წარმატებული სპორტსმენები ერთმანეთს შეებრძოლებიან. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий