понедельник, 17 октября 2011 г.

დედოფლისწყაროს საუტილიზაციო ბაზაზე წელს 36 351 ცალი საბრძოლო მასალის განადგურება მოხდება

EXCLUSIVE - სსიპ „დელტა“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დედოფლისწყაროს საუტილიზაციო ბაზაზე 2011 წელს დაგეგმილია 36 351 ცალი ტროტილის შემცველი სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალის განადგურება. აქედან: 184 ცალი – საზენიტო და საარტილერიო გასროლა, 33 411 ცალი – ჭურვი, 2756 ცალი – ნაღმი. მათი საერთო მასა 674 ტონას შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, რომელიც დედოფლისწყაროში სამეცნიერო-კვლევითმა ფირმა „გამა“–მ აწარმოა.

მათი ინფორმაციით, საბრძოლო მასალები წარმოდგენილია 588924.6 კგ ჯართით და 74448.6 კგ ტროტილით. წელიწადში სამუშაო დღეების და საათების რაოდენობის გათვალისწინებით, დღის განმავლობაში საშუალოდ მოხდება 281 კგ ტროტილის გამოდნობა, ხოლო საათური წარმადობა იქნება 35 კგ ტროტილი. დამუშავებული ინფორმაცია დეტალურად ინახება ორჰუსის ცენტრი–საქართველოში.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ დედოფლისწყაროს საუტილიზაციო ბაზის ფუნქციონირების პროცესში თანდათან შემცირდება საქართველოს სამხედრო ბაზებზე განთავსებული, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მიტოვებული საბრძოლო მასალების რაოდენობა და მომავალში ბაზა უმეტესწილად ფუნქციონირებას გააგრძელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოწერილი საბრძოლო მასალების უტილიზაციის მიმართულებით, უნდა ვივარაუდოთ მისი წარმადობის გაზრდა არ იქნება მოსალოდნელი. შესაბამისად საწარმოს წარმადობის განსაზღვრა შესაძლებელია 2011 წლისთვის დაგეგმილი საუტილიზაციო სამუშაოების მიხედვით და შეადგენს: 281 კგ/წელ და 35 კგ/სთ. სსიპ „დელტა“-ს მიმდინარე საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, მოსახლეობას მისთვის ხელმისაწვდომ ფორმაში (პროექტის ტექნიკური რეზიუმე) მიეწოდება ობიექტური, სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია, რათა გამოირიცხოს კონფლიქტური სიტუაციების საფუძველი და უზრუნველყოფილი იქნას დაინტერესებული მხარეების ურთიერთობის განვითარების პროცესი,“ – ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც ხელს აწერს სამეცნიერო კვლევითი ცენტრ "გამას" პრეზიდენტი ვახტანგ გვახარია.

პროექტის მიზანია: საქართველოს სამხედრო ბაზებში თავმოყრილი, მიზნობრივად გამოუყენებადი და ამასთან, ფეთქებადი, ცეცხლგამჩენი საფრთხისა და ეკოლოგიური თვალსაზრისით მაღალი რისკფაქტორის მქონე სხვადასხვა დანიშნულების სახელობისა და კალიბრის საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფა–უტილიზაციაა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *

ნინო ბურჯანაძემ თამაზაშვილის დაკავება და ღარიბაშვილის გათავისუფლება ივანიშვილის პოლიტიკურ დევნას დაუკავშირა

ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლობლების პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით პარტიის მთავარი საბჭო ავრცელებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენიმე დღის წინ პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, დედოფლისწაროს პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი, ასევე სოფელ ხორნაბუჯის რწმუნებულის თანამდებობა „ნებაყოფლობით“ დატოვა ირაკლი ღარიბაშვილის მამამ - ტარიელ ღარიბაშვილმაც.
ჩვენ რა თქმა უნდა ობიექტური სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე არ ვაპირებთ, ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, ადამიანი ან უდანაშაულოდ ან დამნაშავედ გამოვაცხადოთ, მაგრამ ეს დაპატიმრება და თანამდებობის დატოვება საეჭვოდ დაემთხვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკაში მოსვლის შესახებ.
ვთვლით, რომ ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ მისთვის დამახასიათებელი ტრადიციული მეთოდებით დაიწყო ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლობლების პოლიტიკური დევნა.
სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური ანგარიშწორების მეთოდები ოპონენტების წინააღმდეგ ახალი არაა. „დემოკრატიულ მოძრაობას“ დაარსებიდან დღემდე, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ტერორი, უსამართლობა და შავი პიარი.
„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ასევე კარგად იცის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების ფაქტებზე თვალის დახუჭვა და გაჩუმება, ხელს უწყობს ქვეყანაში დიქტურის ჩამოყალიბებას.
სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას: ახლა მაინც გამოხატონ ერთიანი პოზიცია იმ ტენდენციასთან დაკავშირებით, რომელიც თავს იჩენს ხოლმე პოლიტიკური სუბიექტის გააქტიურებისას მისი, მისი ახლობლების ან თანაგუნდელების დატერორების სახით“. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий