среда, 26 октября 2011 г.

ებრაელებმა დედოფლისწყაროში 1 200 ჰა მიწის ნაკვეთი შეიძინეს

დედოფლისწყაროში, ტარიბანის ველზე 1 000 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა ებრაელებმა შეიძინეს. ამ ინფორმაციას ებრაელი ბიზნესმენების ადგილობრივი კონსულტანტი, მიწათმომწყობი გიორგი აბულაშვილიც ადასტურებს.

აბულაშვილი "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, რომ მათი დედოფლისწყაროში კომპაქტურად ჩასახლების საკითხი არ განიხილება:

,,შეძენილი 1 000 ჰექტრიდან ამჟამად ათვისებულია 300 ჰექტრამდე მიწა, სადაც უკვე დათესილი აქვთ ხორბალი. ამას გარდა, შირაქის ველებზე ინტერნაციონალურ ბიზნესმენთა ჯგუფმა შეიძინა 200 ჰა მიწა, სადაც საგაზაფხულო კულტურების მოყვანას აპირებენ. ეს არის საცდელი სამუშაოები. თუ მათ ფინანსური მოგება ნახეს, მიწების შეძენას დედოფლისწყაროში კვლავაც გააგრძელებენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მათ მიწის ნაკვეთები შეიძინეს არა საქართველოს ხელისუფლებისგან, არამედ კერძო ფერმერებისგან, რომლებიც მიწებს ვერ ამუშავებდნენ... მათი აქ კომპაქტურად ჩასახლების საკითხი არ დგას, რადგანაც ისინი საცდელ სამუშაოებს აწარმოებენ," - აცხადებს აბულაშვილი.

უცხოელი ინვესტორების მიერ დედოფლისწყაროში დიდი ოდენობით მიწების შეძენას პირად საუბრებში ადგილობრივი მსხვილი ფერმერებიც ადასტურებენ, ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ მათი ადგილზე ჩასახლება მოხდეს.

დედოფლისწყაროში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიწების შეძენას და კომპაქტურად ჩასახლებას ინდოელები და სამხრეთაფრიკელი ბურებიც გეგმავენ. "ქიზიყის" ინფორმაციით, ინდოელმა ფერმერებმა დედოფლისწყაროში 500-ამდე ჰექტარი მიწა უკვე შეიძინეს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий