понедельник, 12 сентября 2011 г.

ძიება შეწყდა – ექსპერტიზამ ბავშვზე ძალადობის მცდელობა არ დაადასტურა

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მოზარდის გაუპატიურების მცდელობა ოფიციალურად არ დასტურდება. ამ განცხადებას შს სამინისტროს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში აკეთებენ. სოფელ სამთაწყაროში მოზარდის გაუპატიურების მცდელობასთან დაკავშირებით გახმაურებული სკანდალის ირგვლივ ახალ და დღემდე უცნობ დეტალებს ექსკლუზიურად გაზეთი "შირაქი" ავრცელებს.
გამოძიების მტკიცებით, ექსპერტიზა ასევე უარყოფს ხელზე ნაკბენის არსებობას. გოგონა ირწმუნებოდა, რომ მამაკაცს ხელზე უკბინა და ოთახიდან გაიქცა, თუმცა მამაკაცს ნაკბენი არ აღმოაჩნდა. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით დედოფლისწყაროს პოლიციაში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების არარსებობის გამო ძიება უკვე შეწყდა. შესაბამისად, არც ეჭვმიტანილის პასუხისმგებლობის საკითხი აღარ დადგება. გამოძიება ირწმუნება, რომ ყველა მხარე დაიკითხა, თუმცა დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა.

როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ 60 წლის იროდი ბაკურიძეს მეზობლები 13 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. მეზობლები გოგონას მონათხრობზე დაყრდნობით ამბობენ, რომ მამაკაცმა არასრუწლოვანი ჯერ ოთახში ჩაკეტა, შემდეგ კი ძალის გამოყენება სცადა. გოგონას განმარტებით, მაშინ, როცა მამაკაცმა საცვლების გახდა დაიწყო ამდროს გოგონამ მას ხელზე უკბინა და სახლში გაიქცა.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, როგორც "შირაქმა" გაარკვია, გოგონას ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ იზიარებს და ირწმუნება, რომ მათ ექსპერტიზის დასკვნა თვალითაც არ უნახავთ.

,,დავიწყოთ იმით, რომ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი ჩვენ ხელზე არ ჩაგვბარებია და ექსპერტიზის დასკვნა საერთოდ არ გვინახავს. ასე რომ, ჩვენ გამოძიების ვერსიას ვერ ვირწმუნებთ. შეუძლებელია ნაკვალევი არ აღმოჩენილიყო. მითუმეტეს, რომ ნაკბენის გარდა ჩემი შვილიც წაიქცა და იატაკზე ის მამაკაციც დავარდა. ასე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ. თბილისში წავალ და ჩივილს გავაგრძელებ. აბა მათი შვილებისთვის გაებედათ ასეთი რამ ექსპერტიზის დასკვნას დაუწყებდნენ ყურებას?," – აცხადებს გოგონას დედა დალი ცეცხლაძე და გასაჩივრებისთვის ემზადება.

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებაში ამ საკითხზე მომზადებულ სიუჟეტს დიდი დაპირისპირება მოჰყვა სამთაწყაროს მაცხოვრებლებში. მოსახლეობის ნაწილს ტელეკომპანიას სიუჟეტის მიკერძოებულად მომზადებაშიც ადანაშაულებს. ტელევიზიით გასულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიებას დედოფლისწყაროს პოლიცია აწარმოებს. სინამდვილეში, ტელევიზიით არ თქმულა ყველაზე მთავარი დეტალი. ამ დროს პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე უკვე შეწყვეტილი იყო და აღარც ასაკოვან მამაკაცს ემუქრებოდა პასუხისგებაში მიცემა. სატელევიზიო რეპორტაჟში არც ექსპერტიზის დასკვნა იყო ნახსენები, რომელიც ამ დროისთვის უკვე არსებობდა და გაუპატიურების, ანდა ძალადობის მცდელობის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავდა. /შირაქი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება პრესაში: ექსპრესნიუსი>> ; რადიო ჰერეთი>> ; ნიუსლაინი>>

Комментариев нет:

Отправить комментарий