სოფელ ზემო მაჩხაანის მაცხოვრებლები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას წყლის პრობლემის გაუმჯობესებას სთხოვენ. როგორც ჯანაშვილებისა და მარტყოფლიშვილების დასახლებაში გაზეთ "ქიზიყს" განუცხადეს, საუბნო ონკანებზე წყალი ორ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მოდის, რის გამოც ონკანთან უზარმაზარი რიგები იქმნება. მაჩხაანელები წუხილს იმ ფაქტზეც გამოხატავენ, რომ უწყლოობით შეწუხებული მოსახლეობის მიმართ მაღალჩინოსნების ნაწილი ირონიას აშკარად გამოხატავს და რიგში მდგარ მოსახლეობას დაუფარავად დასცინის:
,,მწყურვალი რომ იყო, წყალს არ დაგალევინებენ, აქ ისეთი ამბავია-ხოლმე. რამდენიმე საათით გამოუშვებენ წყალს და უნდა ნახოთ, აქ ბალონების რამხელა რიგი დგება ხოლმე, თვალს ვერ გააწვდენთ. ხშირად ყველა მათგანი წყლის აღებასაც ვერ ასწრებს, ისევ შეწყდება... ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ წყალზე უზარმაზარი რიგები რომ დგას, ერთი განახათ, გამგეობის თანამშრომლები და სხვადასხვა მაღალჩინოსნები აივლიან-ჩაივლიან ხოლმე და როგორ დაგვცინიან... ირონიული გამომეტყველებით გადმოგვხედავენ და ჩვენს საცოდავობას ამრეზით უყურებენ ხოლმე... ჩვენზე ქირქილებენ და გულში დაგვცინიან... გული მოგიკვდებათ, ისეთი სურათი იქმნება... ჩვენ ვწვალობთ, ამდენი მოხუცი და ავადმყოფი ხალხი წყლის ბალონებს ტანჯვით ძლივს დავათრევთ და მთავრობის წევრები კიდევ იმის მაგივრად, რომ ჩვენი ყოფის გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ ასე ურცხვად დაგვცინიან... არაუშავს, ღმერთი მაღალია და ყველაფერს ხედავს"... - აცხადებენ ადგილობრივები თამარ ბოსტოღანაშვილი; ციალა ჯანაშვილი; მარიამ მაძღარაშვილი და მათი მეზობლები. იგივე შინაარსის კომენტარებს აკეთებენ დანარჩენი მაცხოვრებლებიც.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა განუცხადა, მიმდინარე წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფელ ზემო მაჩხაანში გედიქის ხევზე არსებულ წყალსაქაჩზე ელექტრო ტუმბოს და ძრავის მოწყობა ხორციელდება, რასაც სოფლის დახმარების საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში მთლიანად 33 061 ლარი მოხმარდება. გამგეობაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ზემო მაჩხაანში წყალმომარაგების საკითხი ბევრად გაუმჯობესდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, მაჩხაანიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий