среда, 7 сентября 2011 г.

სოფელ ფიროსმანში ახალი ჭაბურღილები გახსნეს

სოფელ ფიროსმანის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდა. შარშან, სოფლის დახმარების პროგრამით აქ ერთი ჭაბურღილი გაკეთდა, მოეწყო რეზერვუარი და ქსელი. ამ რესურსით სოფლის მოსახლეობის მესამედი სარგებლობდა, 2011 წელს კი აქ, სასმელი წყლის დებეტის გაზრდის მიზნით, კიდევ ორი ჭაბურღილი დაემატა.

სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხა 13 837 ლარი მოხმარდა 100 მეტრიანი ჭაბურღილის 50 მეტრიანი მონაკვეთის გაბურღვას, ხოლო დარჩენილი 50 მეტრის გაბურღვას – მუნიციპალური განვითარების თანხა–20 970 ლარი, ამავე თანხით მოეწყობა საქაჩი მოწყობილობა და მრიცხველი.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 34 800 ლარი მოხმარდა კიდევ ერთი ჭაბურღილის გაკეთებას, რომელიც დარჩენილ მესამე უბანს მოამარაგებს სასმელი წყლით.

ორ ახალ ჭაბურღილზე ქსელების და რეზერვუარების მოწყობა მომავალი წლისთვის იგეგმება.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა აღნიშნა, უკვე სრულად დაკმაყოფილდება სოფელ ფიროსმანის სამივე უბნის მოსახლეობა. ერთ მოსახლეზე მოდის 450 ლიტრი სასმელი წყალი, ასე რომ, დღე-ღამეში, სამივე ჭაბურღილიდან, ერთი მოსახლე 8 ტონამდე წყალს მიიღებს. /ქიზიყი/ ანა ბენაშვილი


* * *
საკრებულომ გმირთა მემორიალის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ქალაქ დედოფლისწყაროში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილი მოქალაქეების სახელის უკვდავსაყოფად, მემორიალის საუკეთესო ესკიზის უკეთ შერჩევის მიზნით, კონკურსს აცხადებს. შესაბამის ბრძანებას დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა 5 სექტემბერს მოაწერა ხელი.

როგორც დედოფლისწყაროს საკრებულოში განმარტავენ, „საკონკურსო პროექტის ესკიზები გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის სკულპტურულ–არქიტექტურული საშუალებით. მემორიალურ დაფაზე ამოტვიფრული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან გაწვეული ყველა გარდაცვლილის სახელი და გვარი.

"ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, ავტორები თავისუფალნი იქნებიან მემორიალური კომპოზიციის განსახორციელებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში, მაგრამ მემორიალის საერთო ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს“ – აცხადებენ დედოფლისწყაროს საკრებულოში.
შეგახსენებთ, რომ მემორიალის ასაგებად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 5000 ლარი, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხარჯთაღრიცხვა 10 000 ლარამდე გაიზარდა. საუკეთესო ესკიზის ავტორს ჯილდოს სახით 1000 ლარი გადაეცემა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий