понедельник, 26 сентября 2011 г.

ოზაანში ჭყოიძეებს ქიზიყში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ გამგეობამ 500 ლარი გამოუყო

გაზეთი ქიზიყი თითქმის წელიწადნახევარია სოფელ ოზაანში მცხოვრები რობერტ ჭყოიძის ოჯახის უმძიმეს ვითარებაზე ამახვილებდა ყურადღებას და მათი აუტანელი და სახიფათო საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტო-რეპორტაჟიც რამდენჯერმე გამოაქვეყნა. ამ ოჯახს ფინანსურ დახმარებას გამგეობის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ 9 თვის წინ დაპირდა და ამის შესახებ საჯარო განცხადება იმდროინდელმა გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა თავდაპირველად სწორედ გაზეთ ქიზიყთან ექსლკუზიურად გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ბინის ერთი მხარე მთლიანად გადმონგრეულია, შენობა ძალზე ძველია და მისი ჩამონგრევის საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს ყოველდღიურად უქმნის, თვეების მანძილზე გამგეობას პირობა არ აუსრულებია.ცრუ დაპირებებით შეწუხებულმა ჭყოიძეებმა ვითარება გაზეთ ქიზიყის რედაქტორს აცნობეს და დახმარება ითხოვეს. ოჯახის დიასახლისი ზინაიდა ჭყოიძე ქიზიყთან საუბარში ამბობდა, რომ ავადმყოფობის მიუხედავად გამგეობაში რამდენჯერმე მივიდნენ, მაგრამ ხან არჩევნები მოიმიზეზეს, ხან სხვა მიზეზები და თანხას მაინც არ აძლევდნენ. ნიშანდობლივი და სასიხარულოა ისიც, რომ ამ საკითხზე ქიზიყის მიერ ვრცელი მასალის გამოქვეყნებიდან სამ-ოთხ დღეში გამგებლის ბრძანება გამოიცა, რის მიხედვითაც ჭყოიძეებს ფულადი დახმარება ჩაერიცხათ. დედოფლისწყაროს გამგებლის 21 ივნისის #324-ე ბრძანებაში რომელსაც ხელს ნიკოლოზ შანშიაშვილი აწერს, ნათქვამია, რომ სოფელ ოზაანში, რობიკო ჭყოიძის საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ამდენად, ადგილობრივ ბიუჯეტში სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისთვის გათვალისწინებული ხარჯებიდან გამოიყოს 500 ლარი. გამგეობის საფინანსო სამსახურს უკვე დაევალა აღნიშნული თანხის ჭყოიძეების პირად ანგარიშზე გადარიცხვა. მისასალმებელია, რომ ბიუჯეტიდან ამ ოჯახს დახმარება როგორც იქნა აღირსეს. მაგრამ, წესით, ასეთი პრობლემების შესახებ რაიონის ხელმძღვანელობა დეტალურ ინფორმაციას გაზეთებიდან არ უნდა იღებდნენ. და კიდევ, დახმარების გამოსაყოფად სტატიის განმეორებით დაბეჭდვა არ უნდა ყოფილიყო საჭირო. უმჯობესი იქნებოდა ადგილობრივ ხელისუფლებას ჭყოიძეებისთვის დახმარების გაცემა თვეების მანძილზე არ გაეჭიანურებინა. საფრთხე, რომ ავარიული ბინა ამ ხნის მანძილზე ოჯახის რომელიმე წევრის სიცოცხლეს შეიწირავდა, მართლაც რეალური იყო. ამიტომ, მათთვის დახმარების ხელის გაწვდა სასწრაფოდ აუცილებელი რომ იყო, ეს გაზეთ ქიზიყს თქვენთვის მეორედ არ უნდა შეეხსენებინა. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий