понедельник, 26 сентября 2011 г.

სხვის ჭერს შეფარებული, 4 შვილიანი ოჯახი დოკუმენტების უქონლობის გამო დახმარების გარეშეა

ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის დედა, სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრები 34 წლის ინგა ქარსამაული გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ მრავალშვილიანი დედებისთვის განკუთვნილი დახმარება არასოდეს მიუღია. იქვე ხაზს უსვამს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს არ ენდობა, ამიტომაც მათთან დახმარების სათხოვნელად აღარაფერზე მიდის.

მრავალშვილიან ოჯახს არც საკუთარი ჭერი გააჩნია, ამიტომ თავის შეფარება სოფელში, ნაქირავებ პატარა ბინაში უწევთ. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად არც სიღარიბის დაძლევის პროგრამით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას იღებენ.

,,მეუღლე ავადმყოფია, ქრონიკული დაავადება, ასევე კუჭის პრობლემა და კიდევ რამდენიმე დაავადება აწუხებს, ამიტომ მუშაობას ვერ ახერხებს. ჯანმრთელობაც ხელს რომ უწყობდეს, სამუშაო ადგილებს მაინც ვერ პოულობს, არადა 4 პატარა შვილი ხომ უნდა გამოვკვებოთ?... ბავშვები მშივრები რომ არ დაგვეხოცოს, იძულებული ვარ ისინი უყურადღებოდ დავტოვო და ხანდახან საქონლის სამწყემსად ნახირში დავდივარ ხოლმე. ხან 5 ლარს მაძლევენ, ხან 10-ს და ასე წვალებით გაგვაქვს თავი. აბა რა ვქნათ, სხვა გზა არ მაქვს, მეუღლეს მუშაობა არ შეუძლია და ვცდილობ ლუკმა მე მოვიპოვო". – აცხადებს მრავალშვილიანი დედა.

ინგა ქარსამაული ამბობს, რომ ბოლო დროს პირადობის დამადასტურებელი და ბავშვების დაბადების მოწმობებიც დაეკარგა, რის გამოც ვერც სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მათ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

,,საბუთები დაკარგული გვაქვს, იმის ფულიც არ მაქვს, რომ დოკუმენტაცია მოვაგროვო და მცირე შეღავათებით მაინც ვისარგებლო. ახლა ჯარიმასაც მთხოვენ. თუმცა, მრავალშვილიანთა დახმარებები არც მანმადე მიმიღია. შვილებს გეფიცებით, არც გამგებელთან შევდივარ და აღარც არავისთან... ამათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, მაინც არაფრით მეხმარებიან... შეშა დარიგდა არც ის შემახვედრეს, შარშანაც სიცივეში გამოვაზამთრეთ ბავშვები. წერილი პრეზიდენტთანაც კი გავგზავნე რეზიდენციაში, მაგრამ პასუხის ღირსიც არ გამხადეს, ვართ ასე უპატრონოდ და უყურადღებოდ მიტოვებულები" – აღშფოთებას ვერ ფარავს ქარსამაული.

მრავალშვილიანი ხელმოკლე ოჯახის პრობლემის გარკვევა ქიზიყმა სოციალური მომსახურების სააგენტოში სცადა. სააგენტოს დედოფლისწყაროს სამსახურის უფროსი ზურაბ ნატროშვილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ თუკი ისინი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს მოაწესრიგებენ, შესაძლოა მათ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილი ყოველთვიური დახმარება დაენიშნოთ, ამიტომ პირველ რიგში მათ დოკუმენტაცია უნდა განაახლონ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий