вторник, 30 августа 2011 г.

თვითმმართველობის ხელმძღვანელები ქედების ზონის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და ანგარიში ჩააბარეს

29 აგვისტოს 16:00 საათზე სოფელ ზემო ქედში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასვლითი სხდომა ჩატარდა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი უძღვებოდა.

სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრები მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდნენ სოფლების: ზემო ქედის, არხილოსკალოსა და ქვემო ქედის მოსახლეობას. ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა მათ 2010 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და 2011 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შედეგები წარუდგინა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნიკოლოზ შანშიაშვილთან, საკრებულოს თანამშრომლებთან და გამგეობის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებთა პრობლემებს ადგილზე გაეცნო დედოფლისწყაროს გამგეობის სოციალური სამსახურის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ივანე ხელაშვილიც. შეხვედრას ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრის ადგილობრივი მენეჯერიც ესწრებოდა.

„ჩვენ გავეცანით სოფლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მოვისმინეთ მოსახლეობის აზრი პროექტის ეფექტურობის შესახებ და, აგრეთვე, იმ პრობლემების თაობაზეც ვისაუბრეთ, რომლებიც მოსახლეობისთვის კვლავ აქტუალურია“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წევრების სამივე სოფელში ვიზიტისას გაირკვა, რომ მოსახლეობას, დაახლოებით, იდენტური პრობლემები აწუხებს. სოფლების მოსახლეობა კვლავ წყლისა და გზის საკითხების მოგვარებას ითხოვს. ანალოგიური პრობლემები გამოიკვეთა სხვა სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრის დროსაც.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელმძღვანელობის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან კვლავ გაგრძელდება, რადგან ხალხთან დიალოგი პრობლემების გაცნობისა და მათი მოგვარების საუკეთესო საშუალებაა.
შეგახსენებთ, რომ ახალი მოწვევის საკრებულო გასვლით სხდომას უკვე მეორედ ატარებს. წინა სხდომა საკრებულომ სოფელ ოზაანში გამართა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი მიიჩნევს, რომ საკრებულოს მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით გასვლითი სხდომების ჩატარება აუცილებელია. მისი თქმით, ამგვარ ნაბიჯებს საკრებულო მომავალშიც გადადგამს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий