უკვე მერამდენე დღეა დედოფლისწყაროში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედოფლისწყაროს პროკურორი დავით დუღაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. „ქიზიყი“ ინფორმაციის დადასტურებას ამ დრომდე ვერ ახერხებდა, თუმცა ინფორმირებულმა წყარომ „ქიზიყს“ აცნობა, რომ დუღაშვილის მოვალეობის შემსრულებლად სიღნაღის პროკურატურის პროკურორი ვასილ შაიშმელაშვილი დაინიშნა. წყარომ ასეთი რამ გვიამბო:
„დღეს სიღნაღის პროკურატურაში ვიყავი წასული. მათ ვუთხარი, რომ დედოფლისწყაროდან ვიყავი ჩასული და რაღაც საკითხის გარკვევა მინდოდა. პროკურატურაში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მესაუბრებოდა, მან ამიხსნა, რომ დედოფლისწყაროში პროკურორი აღარ გვყავს, მის მოვალეობას ამჯერად მე ვასრულებო. მოგვიანებით ეს ბიჭი ვასილ შაიშმელაშვილად გამეცნო,“ – აცხადებს წყარო.
„ქიზიყმა“ თვითმხილველის ინფორმაციის შემდეგ დუღაშვილის გათავისუფლების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება სცადა. სიღნაღის პროკურატურის პროკურორის მოადგილე იოსებ გულოშვილი დუღაშვილის გათავისუფლების ფაქტს ოფიციალურად უარყოფს.
,,არა, ეს ინფორმაცია არასწორია. დუღაშვილი ისევ მუშაობს... დაიმშვიდეთ გულები“ – განაცხადა გულოშვილმა.
თავად დუღაშვილმა მისი გათავისუფლების ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო: ,,რა, არ შეიძლება რომ აღარ ვმუშაობდე?,“ – აღნიშნა დუღაშვილმა.
შსს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს შენობაში, სადაც დავით დუღაშვილის სამუშაო კაბინეტია განთავსებული, ადასტურებენ, რომ დუღაშვილი სამსახურში 1 კვირაა არ გამოჩენილა, თუმცა მისი გათავისუფლების თაობაზე არავინ საუბრობს.
ბოლო დროს დედოფლისწყაროში სულ 2 პროკურორი მუშაობდა. რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია დედოფლისწყაროს კიდევ ერთი პროკურორის გოჩა ჯანყარაშვილის გათავისუფლების თაობაზეც ვრცელდებოდა, რომელსაც ოფიციალურად არ ადასტურებდნენ, თუმცა მაშინ ჯანყარაშვილმა პროკურატურა მართლა დატოვა. დუღაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში დედოფლისწყარო ამჯერად პროკურორის გარეშე რჩება. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий