"ქიზიყის" საგამოძიებო ჯგუფმა ამ დრომდე ვერ დაადგინა, სად წავიდა ჯილეხით დაავადებული ძროხის ხორცი და ხომ არ მოხვდა ის დედოფლისწყაროს აგრარულ ბაზარში, ან რაიონის სხვა სარეალიზაციო პუნქტებში. მედიკოსების განცხადებით, თუკი ციმბირის წყლულით დაავადებული საქონლის ხორცს საკვებად გამოვიყენებთ, ამას სასიკვდილო შედეგები მოჰყვება, რადგან ჯილეხის ბაქტერია არათუ მოხარშვის დროს, საუკუნის მანძილზე ცოცხლობს და არც 100 გრადუსზე დუღებისას კვდება... არადა, 25 აგვისტოს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დედოფლისწყაროში სარეალიზაციოდ დაკლულ ძროხას ჯილეხი დაუდგინდა, მისი გატყავების შედეგად კი 1 ადამიანი დაავადდა.
დედოფლისწყაროს რაიონში ჯილეხის გავრცელების რამდენიმე კერა გამოვლინდა. ბოლო თვეების მანძილზე უკვე მერამდენე ადამიანი ჯილეხის კანის ფორმით სამკურნალოდ დედოფლისწყაროდან თბილისში გადაიყვანეს. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა 25 აგვისტოსაც, რა დროსაც 39 წლის მამაკაცს პირუტყვის გატყავების შემდეგ ციმბირის წყლულის კანის ფორმა გამოუვლინდა. პაციენტი ამ დროისთვის თბილისში განაგრძობს მკურნალობას.
ყველაზე საგანგაშო კი ის გახლავთ, რომ ამ დრომდე უცნობია, სად წაიღეს ის ხორცი, რითიც ეს მამაკაცი დაავადდა. ცნობილია, რომ ჯილეხის კანის ფორმა დაავადების გაცილებით იოლი ფორმაა, განსაკუთებით სახიფათოა თუკი ადამიანი ჯილეხით დაავადებულ ხორცს საკვებად მიიღებს, ასეთ დროს დაავადების შინაგანი ფორმა ვითარდება და ადამიანის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.
ეჭვს, რომ ჯილეხით დაავადებული პირუტყვის ხორცი მართლაც დედოფლისწყაროს სავაჭრო დახლებზე შეიძლება აღმოჩენილიყო ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ ამის შესახებ თავიდან არაფერი იყო ცნობილი და ძროხის გამტყავებელ მამაკაცს სიმპტომები რამდენიმე დღის შემდეგ გამოუვლინდა. დედოფლისწყაროელების დიდი ნაწილი კი ვარაუდობს, რომ ამ რამდენიმე დღის მანძილზე მეპატრონე დაავადებული ხორცის რეალიზაციას აუცილებლად მოახდენდა. მისი საკვებად მიღება კი სასიკვდილო შედეგებს მოიტანს.
რამდენიმე დღის წინ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელი დავით ვეშაგურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ვერიკო გულუამ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში გათავისუფლების მიზეზები არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ვეშაგურიძეს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა. გავრცელებული ვერსიების თანახმად კი, ვეშაგურიძე სწორედ დედოფლისწყაროში ჯილეხის სკანდალს შეეწირა. მისი გათავისუფლების შემდეგ კი დედოფლისწყაროში ამ დრომდე ვერ მივაკვლიეთ ადამიანს, რომელიც ვეტერინარიის სამსახურში ამ პირუტყვის დაავადებული ხორცის მარშრუტით დაინტერესდებოდა.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენელმა დაავადებული ხორცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონულ სამმართველოში განცხადება შეიტანა და ფაქტზე რეაგირება მოითხოვა. შეტყობინების საფუძველზე მომხდარზე პოლიციამ მოკვლევა დაიწყო, თუმცა, დაავადებული ხორცის ბედი ამ დრომდე ვერც პოლიციამ დაადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯილეხით დაავადებული საქონლის დაკვლის ფაქტი ცენტრალური ტელე და რადიო საშუალებებითაც გაშუქდა და ყველა სახის მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა, ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგაც კი არავინ დაინტერესებულა ყველაზე მთავარით - სად წავიდა დაკლული საქონლის ხორცი და ხომ არ მიიღო ის საკვებად მოსახლეობამ. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий