среда, 24 августа 2011 г.

პოლიციის ახალი შენობა პროტესტის მიუხედავად დასასრულს უახლოვდება

ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის რაიონული სამმართველოსთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების გამჭვირვალე შენობის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. როგორც შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონულ სამმართველოში აცხადებენ, მშენებლობა გეგმის მიხედვით და ვადების დაცვით მიმდინარეობს.
გაზეთ "ქიზიყის” ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალი ოფისის გახსნის ცერემონია სავარაუდოდ, 5 სექტემბრისთვის იგეგმება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პოლიციის შენობის ეზოსა და მიმდებარე სკვერის მოსაწყობად თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა. შესაბამის ცვლილებას დეპუტატებმა რამდენიმე თვის წინ ერთხმად დაუჭირეს მხარი.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა განაცხადა, მიმდებარე ტერიტორიის მოწყობაზე მუნიციპალიტეტი თავად იზრუნებს:
,,ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის განკუთვნილ თანხას 140 000 ლარი ჩამოეჭრა. ეს თანხა რაზე დაიხარჯებოდა კონკრეტულად გაწერილი არ იყო. ახლა, როცა ჩვენს ქალაქს სულ მალე ახალი, პოლიციის გამჭვირვალე შენობა შეემატება, გადავწყვიტეთ, რომ მისი ეზო და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყოს. ამ მიზნით გამოვყავით ეს თანხა, თუმცა ეს თანხაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება," - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.

ცნობისთვის, გასული წლის 30 ივლისს არხილოსკალოს პოლიციის შენობის ასაგებად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 000 გამოიყო. ამას გარდა, იმავდროულად პოლიციისთვის ავტომანქანის შესაძენად დამატებითი თანხა გადაირიცხა. ეს კი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაღიზიანების მიზეზი გახდა. მათი მტკიცებით, დაუშვებელია ისეთი უწყებების რაიონული ბიუჯეტიდან დაფინანსება, რომლებიც ცენტრალურ დაფინანსებაზე იმყოფებიან.

სამშენებლო სამუშაოები დედოფლისწყაროში უკვე მერამდენე თვეა მიმდინარეობს და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს. შენობის ასაგებად დედოფლისწყაროში მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მასობრივად გაიჩეხა, რაც ადგილობრივების აღშფოთების მიზეზი გახდა.
შეგახსენებთ, ერთი წლის წინ გამჭვირვალე თანამედროვე სტანდარტების შენობა დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ არხილოსკალოშიც გაიხსნა. ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიც ესწრებოდა. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий