среда, 17 августа 2011 г.

სასამართლომ "ქოჩების ტბის" სანაპირო ზოლის საკუთრებასთან დაკავშირებით დავის განხილვა დაიწყო

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა სოფელ ჯაფარიძეში მდებარე ე.წ. "ქოჩების ტბის" სანაპირო ზოლის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული დავის განხილვა დაიწყო. "ქიზიყის" ინფორმაციით, ტერიტორია ამ დროისთვის დაყადაღებულია, რის გამოც სასამართლო დავის დასრულებამდე ტბაზე ინფრასტრუქტურის განვითარება ან მისი გასხვისება ვერ მოხდება.
როგორც ტბის მიმდებარე ტერიტორიის მფლობელმა ლია შარმაზანაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, ტბა ბუნებრივი წარმოშობისაა, რის გამოც ის კვლავაც სახელმწიფოს კუთვნილებაში რჩება, ხოლო ტბის სანაპირო ზოლს და იქ გაშენებულ ნაძვნარს თავად ფლობს.
მისი თქმით, უკვე მერამდენე წელია ამ ტერიტორიის მისაკუთრებას საფინანსო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ვეფხია კობიაშვილი ცდილობს:
,,ის დედოფლისწყაროელების სიძეა და ცდილობს მაქსიმალურად ბევრი მიწები და ობიექტები ჩაიგდოს ხელში. მან დედოფლისწყაროში უკვე არაერთი ადამიანი დაატერორა და საკუთრება ბინძური მეთოდებით ჩამოართვა და თვითონ გადაიფორმა. ამჯერად ტბის მიმდებარე ტერიტორიას მედავება. ამის გამო მერამდენე წელია ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარება ვერ ხერხდება. მე პოზიციების დათმობას არ ვაპირებ და ჩემი უფლებების დასაცავად მაქსიმალურად ვეცდები. კობიაშვილი ისეთი ბინძური მეთოდებით მებრძვის, რომ ნერვიულობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა და საოპერაციო გავხდი, ამის გამო სასამართლო პროცესები რამდენჯერმე გადაიდო, რადგან საავადმყოფოში ვიწექი და გამოცხადებას ვერ ვახერხებდი," - აცხადებს მფლობელი ლია შარმაზანაშვილი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის თხოვნა მუდმივად ამ სანაპირო ზოლის რეაბილიტაციას ეხება.თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ "ქოჩების ტბის" მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია აუცილებელია, თუმცა მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა და სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურის განვითარება ვერ ხერხდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий