понедельник, 1 августа 2011 г.

ელიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროში ღონისძიებები არ იგეგმება

1 და 2 აგვისტოს ელიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიებების გამართვა არ იგეგმება. ამის შესახებ ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა გიორგი ყოჩიაშვილმა განუცხადა.
ყოჩიაშვილის ინფორმაციით, წელს მხოლოდ სპორტული შეჯიბრება გაიმართება.
„1 აგვისტოს 20:00 საათზე დედოფლისწყაროს კულტურის სახლში ჩატარდება ტურნირი კიკბოქსინგში. მასში მონაწილეობას მიიღებენ თბილისისა და კახეთის რეგიონის სპორტსმენები. მათ დედოფლისწყაროს სპორტული კლუბი „ჩემპიონი“ უმასპინძლებს. ღონისძიებებზე ბოდიში,“... – აცხადებს ყოჩიაშვილი.
როგორც ცნობილია, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს ცენტრში ყოველი წლის 1 აგვისტოს საღამოს გრანდიოზული კონცერტი იმართებოდა, სადაც ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად ცნობილი ქართველი ვარსკვლავებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამ ფაქტით აღშფოთებას გამოხატავენ დედოფლისწყაროელი ახალგაზრდები:
,,თბილისიდან ამ დღისთვის სპეციალურად ჩამოვდივართ ხოლმე. ელიაობის დღესასწაული ყოველთვის განსაკუთრებულად გვიხარია. 1–ში ჩატარებული კონცერტი კი ყოველთვის ახალგაზრდობას გამოაცოცხლებს ხოლმე. ახლა კი სამწუხაროა, რომ დედოფლისწყაროს გამგეობამ ახალგაზრდების სურვილი არ გაითვალისწინა და 1 აგვისტოს კონცერტის ჩატარების მრავალწლიანი ტრადიცია დაარღვია. სამწუხაროა, რომ წელს ელიაობისთვის დედოფლისწყაროში საგანგებოდ ჩამოსული სტუდენტობა და მათი სტუმრები კონცერტის გარეშე დავრჩებით. ახალგაზრდობის სახელით საყვედური გადაეცით გამგებელს...,“ – აცხადებს ადგილობრივი ეთერ მეხრიშვილი, რომელსაც სხვა ახალგაზრდებიც ეთანხმებიან.
გაზეთ „ქიზიყმა“ ამ საკითხით შეწუხებული უამრავი ახალგაზრდა დააფიქსირა, რომლებიც წყენას ღიად გამოხატავდნენ და კონცერტის გამართვას ითხოვდნენ. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий