EXCLUSIVE - უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ე.წ. კაკლის ყურეში გაჩენილ ხანძარს ნაკრძალის მორიგე რეინჯერის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც რადიო "ჰერეთს" ინტერნეტ გაზეთ "ქიზიყიდან" აცნობეს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოში მცხოვრები 52 წლის დურსუნ სურმანიძე ნაკრძალში ბალახზე გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას დამოუკიდებლად ცდილობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და 60 მეტრი სიღრმის კლდეში ჩავარდა. რეინჯერმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო, რის შედეგადაც სურმანიძე ადგილზე გარდაიცვალა. მისმა თანამშრომლებმა მამაკაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
,,ხანძარი სავარაუდოდ, მაღალმა სიცხეებმა გამოიწვია, დანარჩენ დეტალებს გამოძიება დაადგენს. როგორც ვიცი, მორიგე რეინჯერი სურმანიძე ცეცხლს ხის ტოტების დახმარებით, უკანსვლით, აქრობდა და უკან არ იყურებოდა. ამ დროს კი ხევში ჩავარდა. ცხადია, გარდაცვლილის ოჯახს ჩვენც დავეხმარებით და ფინანსურ დახმარებას დაცული ტერიტორიების სააგენტოც გამოყოფს," - აცხადებს ვაშლოვანის ნაკრძალის ადმინისტრაციის უფროსი მერაბ ფიროსმანაშვილი.
როგორც შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონულ სამმართველოში აცხადებენ, მამაკაცის გვამი შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად სამართალდამცველებმა ქალაქ გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გარდაცვლილს მშობლიურ სოფელში სამშაბათს გადაასვენებენ და სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძღულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий