понедельник, 18 июля 2011 г.

ელფერდაკარგული, უღიმღამო ცხოვრების ამაოება და მონურ ჯაფაში ქანცგაწყვეტილი მოსახლეობა

ყველა ადამიანი თავისი ბედისწერით ევლინება ამ სამყაროს. თუმცა, ზოგი შედარებით მეტად ბედნიერი და გალაღებულია, ზოგიც ზედმეტად უიღბლო და გაჭირვებული. ადამიანთა დიდი ნაწილისთვის კი სურსათთან ერთად ცხოვრებაც გაძვირდა. უნდა ებრძოლო ამ უკუღმართ ცხოვრებას, ისე ყველაფერი "წყლის ნაყვას" ემსგავსება...
სოციალურად დაუცველი ადამიანები მუდმივი გაჭირვების გამო ჩარჩოში ჩაკეტილნი და დაუძლურებულნი, ტანჯვით მიუყვებიან ცხოვრების აღმართს. ამ გრძელ და ძნელად სავალ გზას ბევრი ვერ უძლებს და მძიმე და ტკივილით მოცული ცხოვრების ლაბირინთების დაძლევა უჭირს.
მათთვის უღიმღამოდ თენდება და ღამდება... სულის ამოხდამდე და ქანცის გაწყვეტამდე, მთელი დღეების განმავლობაში ებრძვიან ცხოვრების მომქანცველ ფიქრებს - რითი იარსებონ, რითი დააპურონ მშიერი შვილები?...
კარგია, რომ მინდვრად ბალახი მაინც არსებობს, დედოფლისწყაროში ბევრმა სწორედ ამით მოითქვა სული... მთელი დღის მანძილზე, მცხუნვარე მზეში თოხით ხელში რამდენიმე ჰექტარი ნაკვეთის თოხვას სუსტი სქესის წარმომადგენლებიც აღარ თაკილობენ... ეს ნაკვეთები კერძო პირებისაა, მიწების დიდი ნაწილი დედოფლისწყაროში ძირითადად ბობოლებს აქვთ მიტაცებულ-მითვისებული, ზედ მყარად ასხედან და გლეხისთვის არსად არაფერია...
ასეთ რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება. სულის ამოხდამდე მონური ჯაფა მთლიანად შეგაჯავრებს ცხოვრებას და ხალისს დაგიკარგავს. ჯაჭვივით ჩარღვეული და გაწყვეტილი ცხოვრების რიტმიც უსაფუძვლო ხდება. დამსხვრეულ სტერეოტიპებს და გაპარტახებულ სიცოცხლეს მთელი არსებით ვებრძვით და დიდი კითხვის ნიშანი გვიტრიალებს. სადამდე გვეყოფა ძალა, რომ ამ ცხოვრებას ეჭიდო და იარსებო, როგორმე სული გაიტანო... თუ შეგწევს ძალა, ხომ კარგი, თუ მოისუსტებ, ცხოვრება დაუნდობელი ნაბიჯებით გადაგთელავს.
გული გტკივა ამ უხამსი ცხოვრების გამო. ელფერდაკარგული და ძალაგამოლეული, ძლივს ახერხებ იარსებო - ამას სიცოცხლეს ვერც დაარქმევ... ერი დაღუპვის პირასაა მისული. სამწუხაროდ, ქართველებს ერთმანეთის სიყვარულიც ნაკლებად შეგვიძლია და აღარც თანადგომა შეგვიძლია. ნაადრევად გამოგვეცალა ცხოვრების სიტკბოს ფიალა... ნაადრევად "დაბერებულნი", ქანცგაწყვეტილები, უხალისონი და ქვეყნისთვის უსარგებლონი მხოლოდ არსებობით შემოვიფარგლებით.
ხელისუფლების ოპტიმიზმის მიუხედავად, ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებს და ვერსად გავექცევით. გაქრა ხალისი, მეზობლებთან მხიარული გადაძახილები, ჟრიამული... გული ვიღაცამ დაგვისერა და უძლურნი ვეღარ ვახერხებთ მძიმე ცხოვრებას თავი გავართვათ. ქუჩებში თითქმის ვეღარ შეხვდებით ღიმილმოფენილ სახეებს... ყველა მხოლოდ იმას კითხულობს, რა გვეშველება, რას გვიპირებს სააკაშვილის მთავრობაო?... საკითხავია, სავარძლებში მყარად ჩამჯდარნი და "გაბღენძილი" ხელისუფლების მესვეურნი რას უპირებენ გლეხებს?... თითქოს, საუკუნოდ ფეშქაშად მიღებული სავარძლებიც სამარადჟამოდ მიუსაკუთრებიათ და გაჭირვებულთა პრობლემებს აღარც ისმენენ.
ამდენი გაჭირვებული ხალხი აღარავის ეცოდება - დაქსაქსული ცხოვრებით მავალთ რომ ვეღარსად უპოვნიათ სიმშვიდის თავშესაფარი... დრო კი ჩქარი მატარებელივით მიჰქრის და უკან აღარ აბრუნებს აღარც ბავშვობას, აღარც ტკბილ წლებს და არც სიხარულის წუთებს...
აღარაფერი დაგვიტოვეს გარდა რწმენისა და ღვთის სიყვარულისა. მხოლოდ რწმენით დავამარცხებთ საქართველოში გათარეშებულ უსამართლობას და განუკითხაობას. უნდა გავანადგუროთ სატანა, რომელიც ჩვენს გვერდით მაინც აპირებს ცხოვრებას, რათა სული კიდევ უფრო მოგვიწამლოს და ჩამოგვაშოროს ჭეშმარიტ გზას.
ხელისუფლებამ ყველაფერი თუ წაგვართვა, რწმენას ვერავინ წაგვართმევს. ასე რომ, გავძლიერდეთ და ხელს ნუ ჩავიქნევთ!... /ქიზიყი/
მაია მოსულიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий