вторник, 5 июля 2011 г.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს თანამშრომელს ამირან გონაშვილს დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
პოლიციამ მესაზღვრე მას შემდეგ დააკავა, რაც გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთთან ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი მასშტაბური ავტოავარიის შედეგად დედოფლისწყაროში მცხოვრები 67 წლის ნანა არაბული და მისი შვილიშვილი, 5 წლის ნათია ჩოფიკაშვილი დაიღუპნენ. 4 ავტომანქანის შეჯახების შედეგად კიდევ 9 მგზავრი დაშავდა.
დედოფლისწყაროს #4-ე სასაზღვრო სამმართველოს უფროსი პოლკოვნიკი დემურ კეკენაძე ადასტურებს, რომ მის თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მისი თქმით, ამირან გონაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა. კეკენაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გონაშვილი რესტორანში დაწინაურებას აღნიშნავდა. მისი თქმით, ამირან გონაშვილს რიგითის წოდება ჰქონდა და სასაზღვრო პოლიციაში ახალი მისული იყო.
ავტოავარიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თვითმხილველებისგან ცნობილი გახდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიზეზით მოხდა.
„კაჭრეთის რესტორანში 4-5 მესაზღვრე ქეიფობდა. როგორც მათი საუბრიდან ჩანდა, ისინი სასაზღვრო სამმართველოში დაწინაურებას აღნიშნავდნენ, სპეციალური ფორმა ეცვათ. როცა დათვრნენ, „პაგონებზე“ ვარსკვლავები მოიხსნეს და ჭიქაში ჩაყარეს, ღვინოს ასე სვამდნენ. ძალიან ბევრი დალიეს. მერე ერთმანეთს დაერივნენ. ერთ-ერთს ეუბნებობნენ, უნდა მოგკლათო!... როგორც ჩანს, ამ ბიჭს შეეშინდა, გამოიპარა, ტაქსებთან მოვიდა, სიტუაცია აგვიხსნა - მემუქრებიანო და ერთ-ერთი ტაქსით დედოფლისწყაროში წავიდა. იმ ბიჭს დანარჩენებიც გამოყვნენ და რომ გაიგეს, წასული იყო, თავისი მანქანით დიდი სისწრაფით გაეკიდნენ. ცოტა ხანში ეს ავარიაც მოხდა“, - ერთ-ერთი თვითმხილველის ნაამბობი ტაქსის მძღოლის ნაამბობი მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
შეგახსენებთ, ამირან გონაშვილი და გარდაცვლილები მეზობლად, ერთიდაიგივე კორპუსში ცხოვრობდნენ. /ქიზიყი/
* * *

დედოფლისწყაროს ცენტრში ავტოავარიისას მედიკოსები დაშავდნენ


EXCLUSIVE გვიან ღამით ქალაქ დედოფლისწყაროში ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სიახლოვეს, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ტროტუარზე მდგარ ხეს შეეჯახა. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ავტომანქანას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი, ქირურგინუკრი ბაღაშვილი მართავდა, რომელსაც ნეკნების ძვლის მოტეხილობები აღენიშნება.
ინციდენტის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი მგზავრი, ასევე დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ქირურგი რევაზ კოპალიანი. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" თვითმხილველებმა აცნობეს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომელმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა.
მედიკოსების დაშავების ფაქტს დედოფლისწყაროს საავადმყოფოშიც ადასტურებენ. მათი თქმით, დაშავებული მედიკოსები მკურნალობას ამ დროისთვის ბინაზე განაგრძობენ.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარის მიერ ავტოსაგზაო შეოთხვევის ეს უკვე მეორე ფაქტია. ამასწინათ, საკრებულოს დეპუტატი ტრისტან ქურხულიშვილი საკუთარი ავტომობილით იმავე ქუჩაზე სკოლაში მიმავალ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий