понедельник, 11 июля 2011 г.

დედოფლისწყაროს თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსი 24 ივლისს ჩატარდება

დედოფლისწყაროს საკრებულომ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში 23 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 11-დან 21 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ზაზა ფიროსმანაშვილი აცხადებს, კონკურსი 24 ივლისს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში დღის 11:00 საათიდან დაიწყება და გასაუბრების ფორმა ექნება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რამდენიმე თვის წინ ტესტირების შედეგად ჩაჭრილ საჯარო მოხელეებსაც.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ხათუნა გონაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, კონკურსში მონაწილეობის უფლება 18-დან 65 წლამდე ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ენას ფლობს.
"ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღებას დასაქმების მოლოდინში მყოფი 250-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე გეგმავს, რომლებიც სიაში ჯერ კიდევ კონკურსის გამოცხადებამდე ჩაეწერნენ.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა ტესტირება მიმდინარე წლის 5, 6 და 12 მარტს ჩატარდა. საკონკურსო საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ათზე მეტი საჯარო მოხელე დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამება. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ისინი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით განაგრძობენ მუშაობას. /ქიზიყი/

* * *

მგფ-მა წყალმომარაგების კომპანიას 6 თვითმცლელი მანქანა გადასცა

მგფ-მა წყალმომარაგების კომპანიას 6 თვითმცლელი მანქანა გადასცა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, სრულიად ახალი, 6 თვითმცლელი მანქანა გადასცა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" სამინისტროდან აცნობეს, ახლად შეძენილი ტექნიკა ბალასტის შეტანა-გატანისთვის გამოიყენება, მას ერთდროულად რამდენიმე ოპერაციის შესრულება შეუძლია და დაზიანებებისა და ავარიების ოპერატიულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს.
ტექნიკა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონულ ფილიალებში დაიგზავნება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს საკუთარი ძალებით, ოპერატიულად და ეფექტურად მოახდინოს დაზიანებების ლოკალიზაცია.
,,6 ავტომობილიდან კახეთის რეგიონს მხოლოდ ერთი თვითმცლელი ავტომობილი გამოეყოფა. ის ჩვენი კომპანიის თელავის რეგიონულ სერვისცენტრს გადაეცემა და საჭიროების შემთხვევაში კახეთის რეგიონის რვავე რაიონს მოემსახურება. თითო ავტომობილის ღირებულებას ვერ დაგიზუსტებთ, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ეს ტექნიკა ბევრად დააჩქარებს ხარვეზების აღმოფხვრას და წყლის მიწოდების აღდგენას უმოკლეს ვადებში მოვახერხებთ," - განუცხადა "ქიზიყს" წყალმომარაგების კომპანიის პრეს სამსახურის უფროსმა ჯილდა მაჭავარიანმა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თანამედროვე ტექნიკა კახეთში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий