суббота, 16 июля 2011 г.

საბერძნეთში გარდაცვლილი 21 წლის ბიჭის დედოფლისწყაროში ჩამოსვენება 6 დღეა ვერ ხერხდება

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში მცხოვრები 21 წლის რევაზ ჟამურელის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენება უკვე მეექვსე დღეა ვერ ხერხდება. ემიგრანტის ცხედარი საბერძნეთში, კუნძულ კორსიზე 11 ივლისს იპოვეს. ჟამურელის ოჯახს საბერძნეთიდან ოფიციალურად აცნობეს, რომ სიკვდილის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა და ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჟამურელი სამსახურეობრივი მოტოციკლეტით მოძრაობდა, რა დროსაც ბორდიულს შეეჯახა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო.
ბერძნული გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება გარდაცვლილის ოჯახი, ისინი საქმის ხელახალ შესწავლას ითხოვენ: ,,ნათესავების უმრავლესობა იქ გვყავს, მაგრამ დოკუმენტების შეგროვებას ერთი კვირაა ვერ ახერხებენ და გადმოსვენების საკითხი გაჭიანურდა. გვამი ამ დრომდე კუნძულის პროზექტურაშია. ხელისუფლებას ვთხოვთ, დაგვეხმარონ," - აცხადებს სოფელ ზემო ქედის მკვიდრი, გარდაცვლილის დედა ზაირა ჟამურელი.
როგორც სოფელ ზემო ქედში განმარტავენ, რევაზ ჟამურელი საბერძნეთში ლეგალურად იმყოფებოდა. კუნძულ კორსიზე ის 1 წლის წინ გაემგზავრა და ტურისტულ სააგენტოში ველოსიპედებს აქირავებდა.
გარდაცვალების ოფიციალური მიზეზის არ სჯერა ემიგრანტის ოჯახს, ისინი განმეორებით ექსპერტიზას ითხოვენ. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий