вторник, 12 апреля 2011 г.

სოფელ ჯაფარიძისა და ოზაანის სკოლებში პრეტესტებზე დასაკვირვებლად სამინისტროს წარმომადგენლები გვეწვივნენ

დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებში ჯაფარიძისა და ოზაანის საჯარო სკოლებში მეთორმეტეკლასელებმა პრეტესტები 12 აპრილს გაიარეს. პროცესზე დასასწრებად  დედოფლისწყაროს ესტუმრნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები გერონტი ხიდეშელი და ია ჩოხელი.

როგორც დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში გაზეთ „ქიზიყს“ განუცხადეს, მათი სკოლის მოსწავლეებმა პრეტესტები ინტერნეტის მეშვეობით გაიარეს, ხოლო, იმ სკოლებისთვის, რომელთაც შესაბამისი ტექნიკური ბაზა არ ჰქონდათ ტესტირების იმიტაცია დამატებით ცალკე ჩატარდა.

 „ქიზიყის“ ინფორმაციით, ჯაფარიძისა და ოზაანის საჯარო სკოლები დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ შეირჩა. /ქიზიყი/ რუსუდან ყოჩიაშვილი, ჯაფარიძიდან

* * *

საქონლის გადაადგილების წესის დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება

საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევაზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და გურჯაანის მაჟორიტარი გიორგი ჩივიაშვილი არიან.

"სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების პროექტით, პასუხისმგებლობა მკაცრდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ნივთის შემოტანა სპეციალური სამალავით ან ეკონომიკური საზღვრის უკანონო გადაკვეთის გზით ხორციელდება. კერძოდ, სამალავით ან ეკონომიკური საზღვრის უკანონო გადაკვეთის გზით ნივთის შემოტანის შემთხვევებთან მიმართებაში, დიდ ოდენობად განისაზღვრება ნივთი, რომლის სატარიფო ღირებულების თანხა 5 ათას ლარს აჭარბებს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად განისაზღვრება ნივთი, რომლის სატარიფო ღირებულების თანხა 15 ათას ლარს აჭარბებს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი დიდ ოდენობად კვლავ ჩაითვლება ნივთი, რომლის სატარიფო ღირებულების თანხა აჭარბებს 15 ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვლება ნივთი, რომლის სატარიფო ღირებულების თანხა 25 ათას ლარს აჭარბებს. /ქიზიყი/ გიორგი ხაჩიაშვილი

* * *

ამერიკელი ინსტრუქტორების წვრთნები ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში

დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, ამერიკელი ინსტრუქტორები ვაშლოვანის და ჭაჭუნას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებისთვის გასული წლის განმავლობაში „ინვესტირებული ცოდნის“ კონკრეტული პირობებისთვის ადაპტირების ხელშემწყობ ტრეინინგებს ატარებენ.
როგორც ¨ქიზიყს¨ დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრეს'სამსახურში განუცხადეს, სასწავლო წვრთნა დედოფლისწყაროში 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, მსგავსი ტიპის წვრთნა უკვე ჩაუტარდა თუშეთის და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებს. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოდან გვაცნობეს, უახლოეს მომავალში აღნიშნული ტრენინგი ლაგოდეხის, კოლხეთის, მტირალას, კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий